31.აგვისტო .2020 20:50

როგორია ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის შესახებ ივლისის სტატისტიკა

views 384
უკან

საქსტატის მიერ ივლისის თვის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისში ჯამში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 1 933 პირზე დაიწყო (2019 წლის ივლისთან შედარებით ზრდა 9.3 %), მათ შორის 34 არასრულწლოვანი იყო.

ანგარიში მოიცავს კონკრეტული მუხლების საფუძველზე დაწყებულ სისიხლის სამართლებრივი დევნის შესახებ მონაცემებსაც.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, ფულად-საკრედიტო სისტემაში ივლისის თვეში 25 შემთხვევაზე დაიწყო სამართლებრივი დევნა. აქედან 18 შემთხვევა ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ეხება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 5 პირის წინააღმდეგ ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღების საქმეზე დაიწყო დევნა, ხოლო 2 პირს კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან.

რაც შეეხება 2019 წლის სტატისტიკას, გასული წლის ივლისში მიმდინარე წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის 2-ით მეტი - 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის: საქსტატი სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას პროკურატურისგან, სასამართლო სისტემისგან და პენიტენციური სამსახურისგან იღებს.