15.მარტი .2020 11:24

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა?

views 383
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან, ამ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩვენს ცენტრში 27 პაციენტია, 5 – ახალი შემოვიდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ამ ეტაპზე, მაგრამ ამ ხუთიდან ერთ–ერთი პაციენტი საყურადღებოა. გუშინ პირველი დღე იყო, მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად შეფასდა. ამ შეფასებით, ერთ–ერთის მდგომარეობა შედარებით, უფრო მძიმეა, სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დღეს კიდევ ჩატარდება კვლევები და ამ მონაცემების გათვალისწინებით, დინამიკაში შეგვიძლია ვთქვათ, დასტაბილურდა, პროგრესირებს, თუ ა.შ.

არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ჯერჯერობით, დაავადება შემოსვლიდან დღემდე, სტაბილურია, პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ–ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. დაახლოებით, 3–4 დღე გვინდა, რომ პროცესი შევაფასოთ", – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორიას აქვს და კორონავირუსი ჰქონდა, 15 დღის შემდეგ, ანუ გუშინ ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი ტესტზე უარყოფითია. საჭიროა განმეორებითი ტესტი. რაც შეეხება პირველ პაციენტს, რომელიც პირველადი მონაცემებით ასევე გამოჯანმრთელდა, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმეორებითი ტესტის პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.