მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის პირველადი შედეგები?

5f2076fd29be8
თამთა ჯიჯავაძე
28.07.20 23:40
1602
იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში შეინიშნება ფასების კლება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებაც უკვე შესამჩნევია.

„მნიშვნელოვანია რომ რეალიზაციის ტემპიც არის გაზრდილი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ მოლოდინებს გადააჭარბა, იმიტომ რომ არ ვიცით რამდენი სესხია გაცემული, მაგრამ რეალურად უძრავი ქონების ბაზარს უკვე დაეტყო აღნიშნული პროექტი“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

„ამ პროგრამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ აქტიურმა კრიზისულმა პერიოდმა გადაიარა. ლიკვიდობის ნაწილში პრინციპში ყველა საჭირო პროცესი უკვე ჩატარებულია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მზად იყო ბაზარი. აქტივობის გაზრდიდან გამომდინარე რეალურად საპროცენტო განაკვეთები დაუბრუნდა წლის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას“, – დასძინა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებისთვის არ იყო განკუთვნილი, – „ეს არის როგორც იპოთეკური სესხების სტიმულირებისთვის, ასევე ლარიზაციის პროექტის გაგრძელებისთვის. წლის ბოლომდე, უხეში გათვლით 300 მლნ-მდე პორტფელის გენერირება არის სისტემის მოლოდინი მხოლოდ ამ პროექტის ქვეშ“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა, პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი ივლისის დასაწყისში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.