მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კომერციული ბანკების აქტივებისა და სესხების მდგომარეობა?

5ea693a22648d
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.20 12:13
913
2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.89 მლრდ ლარით, ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სექტორის მოცულობა პირიქით, 0.39 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის პირველი აპრილისათვის 50.13 მლრდ ლარი შეადგინა.

სექტორის სააქციო კაპიტალის ზომა 4.98 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია.

სესხები:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 34.99 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი).

2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით).

დეპოზიტები:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.36 მლრდ ლარით, ანუ 8.89%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით ნაკლები). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.19 მლრდ ლარით, ანუ 10.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.06%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.17 მლრდ ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.68%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 33.72 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 4.59 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.86 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.53%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.60%, ხოლო ევროს წილმა 13.91% შეადგინა.