07.დეკემბერი .2019 23:37

როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს საავადმყოფოებში?

views 4381
უკან

რიგ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი მძიმე, რომ მედიკოსებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეუძლიათ. სიკვდილიანობა ასევე ხშირია გართულებული ავადობის, მძიმე ტრამვების, ასევე მაღალი რისკ-ფაქტორების - ასაკის, ქრონიკული დაავადებების, დაგვიანებული მკურნალობის და სხვა ფაქტორების ფონზე. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მკურნალობებიდან, 41,000 ლეტალური შედეგით დასრულდა (2018 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 46,524 გარდაცვალება აღირიცხა).

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამინისტროს ანალიზმა აჩვენა, რომ ცალკეულ კლინიკებში პაციენტთა სიკვდილიანობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელია. 

"მხოლოდ 2018 წელს 41,000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში, როგორც უშუალოდ სერვისის მიღების ადგილზე, ისე ხელახალი ჰოსპიტალიზაციისთვის დადგენილი პერიოდის გასვლამდე. 2018 წელს გარდაცვალების 21,541 შემთხვევიდან 64%-ში გარდაცვალება დაფიქსირებულია კლინიკაში. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ბინაზე გაწერიდან 30 დღეში, მ.შ. 12% გარდაიცვალა გაწერიდან არაუმეტეს 7 დღის ვადაში. 

გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გადარცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გადაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება. სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,"- ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა არის საქართველოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზები? - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთავარი დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტ ლეტალობას იწვევს გულ-სისხძარღვთა სისტემის ავადობებია.

გარდაცვალების მიზეზების სრული სტატისტიკა 2018 წლის მდგომარეობით ასეთია:

  1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 21,549 ადამიანი;
  2. სიმსივნეები - 7,329 ადამიანი;
  3. კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 6,927 ადამიანი;
  4. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3,676 ადამიანი;
  5. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 2,015 ადამიანი;
  6. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1,587 ადამიანი;
  7. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 675 ადამიანი;
  8. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 642 ადამიანი;
  9. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 588 ადამიანი;
  10. ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 521 ადამიანი;
  11. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა - 491 ადამიანი;
  12. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 297 ადამიანი;
  13. თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები - 105 ადამიანი;
  14. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 52 ადამიანი;
  15. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 30 ადამიანი;
  16. ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 20 ადამიანი;
  17. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 20 ადამიანი;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა