მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია "საქართველოს ბანკის" პროგნოზი 2021 წლის ეკონომიკურ ზრდაზე

60746c7a9e72c
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 19:56
1457
“საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზის შესახებ ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, მათი თავდაპირველი შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბანკის პროგნოზი საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო ნეგატიური სცენარით არის შეცვლილი.

“ჯამში, ოპტიმიზმი არის, თუმცა ცოტათი შენელებული. ჩვენი მოლოდინი იყო, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ნეგატიურ ვარიანტში - 3.5%-იანი ზრდა. მე მგონია, რომ ნეგატიური ვარიანტის შანსები გაიზარდა, რაც სავალუტო ფონდმაც თქვა და ჩვენც ვუყურებთ, მაგრამ პოზიტიური შანსები დღემდე არის", - განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი მთავარი ცვლადი ვაქცინაციის ტემპი და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის მოცულობა იქნება.

“ყველაზე მთავარი ცვლადები არის ტურიზმი და რა მოხდება ვაქცინაციასთან მიმართებაში. ჯერჯერობით, ვაქცინაციის მაჩვენებელი არის დაბალი. მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, ვისაც სოციალურად მეტი შეხება აქვს ტურისტებთან სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტურისტებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან, კომფორტულად იგრძნონ თავი. ამის მაგალითები სხვა ქვეყნებში არის, თუმცა ჩვენ თვეებით ჩამოვრჩებით ამ ტენდენციას", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოში - 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს კი 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.