მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური თანამშრომლობა რიცხვებში?

63209030acd15
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.22 18:39
1255
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეთა შეხვედრისას აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ ვაჭრობაში, განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროებში. მხარეებმა ასევე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, დღეისთვის საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით 190 კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო საამიროებიდან ინვესტიციებს ეკონომიკის სხვა სექტორებშიც მიესალმება.

როგორია საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები რიცხვებში - ამის წარმოდგენას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება:

ინვესტიციები

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ქვეყანაში ჯამში 28.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ამ ქვეყნიდან განხორციელებულმა FDI-ს მოცულობამ 14.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 5.3%-ით ნაკლებია.

სავაჭრო ბრუნვა

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 133.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც აღემატება როგორც პანდემიური წლების ამავე პერიოდების მაჩვენებელს, ასევე 2019 წლის სავაჭრო ბრუნვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ვაჭრობა იმპორტის ხარჯზე გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა კი მხოლოდ 14.7 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 34.2%-ია, თუმცა 2019 წლის 7 თვის მაჩვენებელს 70.4%-ით ჩამორჩება.

2022 წლის 7 თვეში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეალიზებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 6.5 მლნ დოლარი;
2. ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები - 2.1 მლნ დოლარი, 526 ტონა;
3. ეთილის სპირტი - 855 ათასი დოლარი, 20 ტონა;
4. საგოზავები მინისა და საბაღე - 537 ათასი დოლარი, 160 ტონა;
5. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 447 ათასი დოლარი;
6. ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 415 ათასი დოლარი, 53 ტონა;
7. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 386 ათასი დოლარი, 16 ტონა;
8. ახალი ნაყოფები - 301 ათასი დოლარი, 41 ტონა;
9. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 286 ათასი დოლარი, 41 ტონა;
10. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 246 ათასი დოლარი.
როგორც აღვნიშნეთ საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტზე ძირითადი ნაწილი მოდის. შესაბამისად მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნიდან გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 118.5 მლნ დოლარი გავიდა. ეს კი გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 90%-ით აღემატება.

TOP-10 საიმპორტო საქონელის რეიტინგი ასეთია:

1. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 54.7 მლნ დოლარი, 84 ტონა;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 10.1 მლნ დოლარი, 768 ტონა;
3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 5.6 მლნ დოლარი, 21 ტონა;
4. მსუბუქი ავტომობილები - 4.2 მლნ დოლარი;
5. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 2.9 მლნ დოლარი, 1 759 ტონა;
6. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 2.2 მლნ დოლარი, 331 ტონა;
7. მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 1.8 მლნ დოლარი, 24 ტონა;
8. მანქანები და მოწყობილობები აწევის, ჩატვირთვის - 1.3 მლნ დოლარი, 141 ტონა;
9. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 1.3 მლნ დოლარი, 32 ტონა;
10. ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი და მისი საკუთნოები - 1 მლნ დოლარი, 36 ტონა.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 8 თვეში საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სულ 9 557 ვიზიტი განხორციელდა. გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი 139.6%-ით გაზრდილია, 2020 წლის 8 თვესთან შედარებით 607.9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი წლის მაჩვენებლები სრულად აღდგენილია და უფრო მეტიც, 2019 წლის 8 თვის ვიზიტების რაოდენობას 20.6%-ით აღემატება.