მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

606995477191a
ეგნატე შამუგია
05.04.21 09:40
1516
გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რაც სებ-ის მიერ ყოველკვარტალური პერიოდულობით გამოიცემა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია - 24.8 მლრდ აშშ დოლარია, რაც დებიტორულ პოზიციას ასახავს. კერძოდ, აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით საქართველოს რეზიდენტებს უფრო მეტი ფინანსური ვალდებულება გააჩნიათ სხვა დანარჩენი მსოფლიოსადმი, ვიდრე აქტივები.

თავის მხრივ, საინვესტიციო პოზიციები არაფინანსურ აქტივებთან ერთად ეკონომიკის წმინდა ღირებულებას ასახავს. საინვესტიციო პოზიციები კონკრეტული ქვეყნის დანარჩენ მსოფლიოსთან არსებულ ფინანსურ ურთიერთობასაც ასახავს და საგადასახდელო ბალანსში ფინანსური ანგარიშის იდენტურია, მაგრამ არსებითი განსხვავება გააჩნია.

თუკი ფინანსური ანაგრიში დროის გარკვეულ პერიოდში (კვარტალი, წელიწადი) განხორციელებულ ოპერაციებს მოიცავს, საინვესტიციო პოზიციები დროის კონკრეტულ მომენტში არარეზიდენტებისადმი ვალდებულებებს და აქტივებს აღრიცხავს. აღნიშნული ფინასური ანგარიშების ერთგვარი კუმულატიური მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკის ფინანსურ ღიაობას ზომავს. კერძოდ, ვალდებულების და აქტივების მთლიან ეკონომიკასთან ფარდობა ასახავს თუ რამდენად ღიაა ეკონომიკა ფინანსური ნაკადებისთვის. გარდა ამისა, საინვესტიციო პოზიციებში ქვეყნის კრედიტუნარიანობაა ასახული და ამა თუ იმ ქვეყნის დეფოლტის რისკების შეფასებაში გამოიყენება. ეკონომიკის კრედიტუნარიანობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის კერძო და სამთავრობო სექტორის მიერ სესხის აღების შესაძლებლობას და ამ უკანასკნელის ფასს. უშუალოდ, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების, როგორც სტატისტიკური ანგარიშის გამოყენება, მონეტარული ხელისუფლების - ცენტრალური ბანკის და საგარეო ინსტიტუტების მიერ ხდება. ეს კი ქვეყნის საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობის მონიტორინგის და ვალის დონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული კი ფინანსური რისკების შესაფასებლად გამოიყენება, რასაც მჭიდრო კავშირი აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან.
 
ფიგურა 1: საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (III კვარტლის ბოლო), წმინდა საინვესტიციო პოზიცია 955.7 მლნ აშშ დოლარით უფრო დებიტორულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რეზიდენტებს საგარეო აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა 4.0%-ითაა გაზრდილი და მათი ვალდებულებები აქტივებს, მესამე კვარტალთან შედარებით, 955.7 მლნ აშშ დოლარით, 24 826.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო პოზიციის ზრდის 54.3% საოპერაციო ცვლილებითაა გამოწვეული, ხოლო 17.0% და 23.4% -ებით კი საკურსო და ფასის ცვლილების შედეგია. ამდენად, წინა პერიოდთან შედარებით საინვესტიციო პოზიციის ცვლილების ½ -ზე მეტი ახალი აქტივების და ვალდებულების აღებამ განაპირობა. დანარჩენი კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის და უკვე არსებული აქტივების და ვალდებულებების ფასის ცვლილებას უკავშირდება.

როგორც აღვნიშნეთ, გასული წლის ბოლოს არსებული წმინდა საინვესტიციო პოზიციამ 24 826.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 583.8%-ია, ხოლო მთლიანი წლის მშპ-ს 156.4%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით 6.0 პ.პ.-ით მეტია. მესამე კვარტლის ბოლოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია ამავე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 555.5% იყო და წლიური მშპ-ს 150.4%-ს აღწევდა. რაც შეეხება პანდემიამდე პერიოდთან მიმართებით, 2020 წლის ბოლოს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წმინდა საინვესტიციო პოზიცია 920.8 მლნ აშშ დოლარით უფრო დებიტორულია. 2019 წლის ბოლოს აღნიშნული 23 905.8 მლნ აშშ დოლარს, მშპ-ს 137.2%-ს შეადგენდა. კრიზისულ წელს კი საინვესტიციო პოზიციის ზრდა კი შესამჩნევად საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილებასაც უკავშირდება. ამ პერიოდში, ვალდებულებების კუთხით სამთავრობო სექტორის სესხების 33.2%-იანი ზრდაა, რაც გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6 677.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ფიგურა 2: საქართველოს საინვესტიციო პოზიცია - აქტივები (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი აქტივების ოდენობამ 10 925.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის ბოლო კვარტლის მშპ-ს 256.9%-ია, ხოლო წლიური მშპ-ს 68.9%-ს აღწევს. საანგარიშო პერიოდში აქტივები 125.7 მლნ აშშ დოლარითაა შემცირებული, რაც საოპერაციო ცვლილებას უკავშირდება. აქტივების კლება კი საქართველოს რეზიდენტებისადმი დანარჩენი ქვეყნების რეზიდენტების ამავე ნიშნულით ნაკლებ ვალდებულებას ასახავს. გასული წლის ბოლო კვარტლის კლების ფონზე, წლიური ჭრილში აქტივები 188.2 მლნ აშშ დოლარით გაზრდილია. ერთწლიან პერიოდში აქტივების ზრდა საერთაშორისო რეზერვების 404.9 მლნ აშშ დოლარით ზრდას უკავშირდება, რაც მონეტარული პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში აქტივების სტრუქტურაც შეიცვალა. როგორც ზემოთ განვმარტეთ, აქტივების მხარე ინვესტიციების და სხვა ინვესტიციების (სესხები, დეპოზიტები და ა.შ.) გარდა საერთაშორისო რეზერვებსაც მოიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, 94.6% უცხოურ ვალუტაა. აღნიშნულს ცენტრალური ბანკი განკარგავს. გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სარეზერვო აქტივები წილი მთლიან აქტივებში 35.8%-ია, რაც წინა ოთხ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. თუმცა, 2010-14 წლებთან შედარებით შემცირებულია, რადგან ამ პერიოდში საერთაშორისო აქტივებში რეზერვების წილი საშუალოდ ½ -ს აღემატებოდა. აღნიშნულ პერიოდში რეზერვების წილის კლებასთან ერთად პირდაპირი და სხვა ინვესტიციების წილი გაიზარდა, რომელიც გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი აქტივების 58.7%-ია (პირდაპირი ინვესტიციები 27.2% და სხვა ინვესტიციები 31.5%). ამდენად, საქართველოს საერთაშორისო აქტივებში საჯარო სექტორი კვლავ დომინანტური რჩება (რეზერვები), მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი კერძო სექტორისადმი არარეზიდენტების ვალდებულების ზრდის გამოკვეთილი ტენდენცია სახეზეა.

ფიგურა 3: საქართველოს საინვესტიციო პოზიცია - ვალდებულებები (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს რეზიდენტების ვალდებულებები 35 752.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (III კვარტალი) 830.0 მლნ აშშ დოლარით მეტია. ვალდებულებების ზრდა კი სხვა ინვესტიციებს - სესხებს უკავშირდება. კერძოდ, გასული წლის ბოლო კვარტალში სამთავრობო სექტორის სესხების ნაშთი 10.8%-ით, 650.3 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი. აღნიშნულის წვლილი მთლიანი ვალდებულების ზრდაში კი 78.4%-ია. ამავე პერიოდში კერძო სექტორის (ბანკები) მიერ არარეზიდენტებისგან აღებული სესხები 29.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, რაც 1.3%-იანი კლებაა. საინვესტიციო პოზიციის ვალდებულებების მხარეს სესხების ნაშთის მხოლოდ 19.9%-ია კერძო სექტორის წილი, რაც აჩვენებს, რომ კერძო სექტორის მიერ სესხის სახით ვალდებულებების აღება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამთავრობო სექტორის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის სასესხო ვალდებულების ნაშთი კი 2019 წელთან შედარებით 33.2%-ითაა გაზრდილი. სესხების 33.2%-იანი ზრდა კი აბსოლუტურ გამოხატულებაში 1 663.0 მლნ აშშ დოლარია, რაც 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის 9.1%-იანი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობის ვალის ზრდის შედეგია. გასული წლის ბოლოს კი მთავრობის საგარეო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 47.6% იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 15.8 პ.პ. -ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ვალდებულებების სტრუქტურას, გასული წლის ბოლოს მთლიანი ვალდებულების ნაშთის 39.7% სხვა ინვესტიციების წილია, რომელიც ძირითადად სავაჭრო კრედიტებს, სესხებს და დეპოზიტებს მოიცავს. ვალდებულებების აღნიშნული კომპონენტი 2010-20 წლის მანძილზე საშუალოდ 38.1%-იან ნიშნულზე იყო, ხოლო გასული წლის პირველი კვარტალიდან ამ უკანასკნელის ზრდაა შესამჩნევი, რომლის პარალელურად ვალდებულებების ძირითადი კომპონენტი - პირდაპირი ინვესტიციების ნაშთის წილი იკლებს. გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვალდებულების 52.0% პირდაპირი ინვესტიციების ნაშთია, რაც ბოლო ათწლიან პერიოდში საშუალოდ 53.7%-ია. გასულ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ინვესტიციების ნაშთმა 18 599.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 143.0 მლნ აშშ დოლარითაა შემცირებული, ხოლო 2019 წელთან მიმართებით კი 683.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. ამ პერიოდში, პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი 693.9 მლნ აშშ დოლარითა შემცირებული, რაც 2020 წლის მანძილზე პირდაპირ ინვესტიციების ნაკადების 52.9%-იანი კლებაა. ამდენად, გასული წელი უცხოური კაპიტალისთვის - პირდაპირი ინვესტიციებისთვის საქართველო გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა იყო. თავის მხრივ, სწორედ ინვესტიციებია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირდაპირ ინვესტიციების საშუალებით ხდება ადგილობრივი მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში უცხოურ ინვესტიციებს თვალსაჩინო როლი გააჩნია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციები კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტების არარეზიდენტებისადმი მიმართ აქტივებს და ვალდებულებებს ასახავს. თუკი წმინდა საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია, ქვეყანა დებიტორულია. ესე იგი, კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტებს უფრო მეტი ვალდებულება გააჩნიათ დანარჩენი მსოფლიოსადმი, ვიდრე აქტივები. საქართველო კი ისტორიულად დებიტორული საინვესტიციო პოზიციის მქონე ქვეყანაა, რამაც 2020 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით 24 826.6 მლნ აშშ დოლარი, გასული წლის მშპ-ს 156.4% შეადგინა. წლის ბოლოს კი, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4.0%-ით გაიზარდა, საიდანაც 54.3% საოპერაციო ცვლილებაა, ხოლო დანარჩენი კი ნომინალური გაცვლითი კურსის და აქტივების ფასის ცვლილებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პოზიციის ორივე მხარეს - აქტივების და ვალდებულებების ნაშთის ცვლილება ძირითადად სამთავრობო სექტორს უკავშირდება. კერძოდ, აქტივების მხარეს საერთაშორისო რეზერვების ზრდას, ხოლო ვალდებულებების მხარეს კი - მთავრობის ვალის. რაც შეეხება ინვესტიციებს, ვალდებულების ნაწილში პირდაპირი ინვესტიციების ნაშთი შემცირებულია. ჯამში, წმინდა საინვესტიციო პოზიციის (დებიტორული) ზრდა უმეტესად გასული წლის ბიუჯეტის 9.1%-იანი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობის ვალის ზრდის შედეგია.