მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ტყის ხანძრებისთვის მზაობა? - ავიაციაში დეფიციტია, სახანძრო მანქანების 51%-ს 25-წლიანი ვადა გაუვიდა

6044fc8d73e4f
BM.GE
07.03.21 20:14
898
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყის ხანძრების პრევენციის და მართვის შესახებ ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უწყებების მზაობას და საკანონმდებლო ჩარჩოს საკითხებს ეხება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტყის ხანძრების ქრობისთვის განკუთვნილ ავიაციაში დეფიციტია, რეგიონების სახანძრო მანქანების 51%-ს კი 25-წლიანი ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფლობს 146 ტყის სახანძრო ცისტერნას, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა ხანძრების ქრობის პროცესშიც. მანქანების გამოშვების წლების მიხედვით ანალიზმა გვაჩვენა, რომ ავტოპარკის უმეტესობა მნიშვნელოვნად მოძველებულია. კერძოდ, 25-წლიანი ექპლუატაციის ვადა გასული აქვს მანქანების 51%-ს,”- ნათქვამია დოკუმენტში.


ტყის ხანძრების ქრობის პროცესში საავიაციო საშუალებების დეფიციტი

“საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საავიაციო საშუალებები არ გააჩნია. 2019-2023 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, გათვალისწინებული იყო სამსახურის განკარგულებაში მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში 2 ვერტმფრენის შეძენა – განთავსება (აღმოსავლეთი-დასავლეთი). აღნიშნული პროექტის დაფინანსება ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის.

სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მიხედვით, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სასაზღვრო პოლიცია. საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ძირითადად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გამოიყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანძრებისთვის მზადყოფნის ერთ-ერთ გამოწვევას საავიაციო შესაძლებლობების ნაკლებობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით საჭიროა სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამოუყენებელი ან ნაკლებად საჭირო საავიაციო საშუალებების მოძიებისა და სამსახურისთვის გადმოცემის შესაძლებლობის შესწავლა,”- ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, 2015 წელს დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, განახლებული არ არის. პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად მისაღებია მრავალი ნორმატიული აქტი.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კანონით გათვალისწინებული 32 ნორმატიული აქტიდან:

• დამტკიცებულია − 11 ნორმატიული აქტი;
• ინიცირებისთვის მზადაა − 9 ნორმატიული აქტი;
• დამუშავების სხვადასხვა ეტაპზეა − 12 ნორმატიული აქტი.

მუნიციპალიტეტების მიერ ლოკალურ დონეზე რისკის და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებისა და აღსრულებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილების დელეგირების განხორციელებაა საჭირო, რაც უზრუნველყოფილი არ არის. შედეგად, არცერთ მუნიციპალიტეტში შესაბამისი გეგმები შემუშავებული და დამტკიცებული არ არის,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღნიშნული ნაკლოვანებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რესურსების განაწილების კრიტერიუმების არარსებობა.

მეხანძრე-მაშველთა პროფესიული გადამზადების ნაკლოვანებები – არსებული მდგომარეობით, საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი.