მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომ არა “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სუბსიდია, გაზის ტარიფი ბევრად მაღალი იქნებოდა - ნარმანია

6161d3bc8ee6f
შოთა ტყეშელაშვილი
09.10.21 21:33
1551
საქართველოში მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის საფასურს 2013 წლიდან მოყოლებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ნაწილობრივ ასუბსიდირებს. BMG Talks-ის ეთერში სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამ დაფინანსების გარეშე, ბუნებრივი აირის ღირებულება “გაცილებით მაღალი” იქნებოდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფოს კუთვნილ კორპორაციას ბუნებრივი აირის ფასდაკლებით რეალიზაცია 200 მილიონი ლარი დაუჯდა, 2021 წელს კი ამ ფასდაკლების ღირებულება კომპანიისთვის 300 მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. შესაბამისად, 2020-2021 წლებში კომპანიას სუბსიდირების პროცესი 500 მილიონი ლარი დაუჯდა.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციას საკმაოდ მძიმე ტვირთი აწევს, რადგანაც ის შეეხიდა საყოფაცხოვრებო სექტორს და ის საკუთარი მოგების ხარჯზე, ტარიფის გარკვეულ ნაწილს აფინანსებს. შესაბამისად, ჩვენ რეალურად უფრო დაბალი ტარიფები გვაქვს დადგენილი, რადგან იგივე 56 თეთრი, რომელიც არის რეგიონებში და დაახლოებით ამდენივეა დედაქალაქშიც კუბური მეტრი გაზის ფასი. რომ არა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სოლიდური რესურსები, რომელსაც ის ხარჯავს და 200 მილიონზე მეტს ხარჯავს თითქმის ყოველწლიურად და ამის შესახებ თქვენი ანალიტიკაც იყო ამაზე გამოქვეყნებული. რომ არა ეს დაფინანსება, ტარიფი გაცილებით მაღალი იქნებოდა.

ზოგადად მოსახლეობის სექტორისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად ვიღებთ აზერბაიჯანიდან გაზს, ვიდრე კომერციული სექტორისთვის. თუმცა, რომ არა დამატებით “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სუბსიდია, ტარიფი მაინც მიუახლოვდებოდა დღეს არსებულ კომერციულ ტარიფს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება 2013 წელს დაიწყო. მაშინ სუბსიდიის დაწყებას სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრით შემცირება მოყვა. თუმცა, ლარის გაუფასურების რამდენიმე ტალღის ფონზე, გაზის საფასურის შედარებით სტაბილურ დონეზე შენარჩუნებისთვის კომპანიამ საკუთარი სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის მიერ სოციალური სექტორისთვის გაზის სარეალიზაციო ფასზე გაკეთებული შეღავათი/სუბსიდია 1000 კუბურ მეტრზე 15 დოლარი იყო, 2019 წელს ის 25.4 დოლარამდე, 2020 წელს კი 40.51 დოლარამდე გაიზარდა.