მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომ არა პანდემია ექსპორტი 2-ჯერ დიდი იქნებოდა“ - „ზედაზენმა“ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა

5f5c8b2e7676b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 12:54
1185
ახალი ბაზრების დამატებამ ექსპორტი წელს 50%-60%-ით გაზარდა, - ამის შესახებ “ ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა „Forbes Talks”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად კომპანიის პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე იგივეა, მაგრამ ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

„ექსპორტი გაიზარდა არა იმიტომ, რომ ბაზარი გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ 2019 წლის ბოლოს ახალი ბაზრების ათვისება დავიწყეთ და ექსპორტის ზრდა ამისი შედეგია. რომ არა პანდემია ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ დიდი იქნებოდა”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ცეზარ ჩოჩელმა კომპანიის მიერ ათვისებული ახალი მიმართულებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

„ახალი ქვეყნებიც არის, ტრადიციული ბაზრებიც... წელს დავიწყეთ პროდუქციის რეალიზება შუა აზიაში, საუდის არაბეთში, ახლა ვამზადებთ ახალ კონტრაქტს დუბაის მიმართულებით.

ტრადიციულად რუსეთში, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა, თუმცა ახალი ბაზრების დამატებამ ექსპორტი წელს 50%-60%-ით გაზარდა“, - განაცხადა ჩოჩელმა.

„ზედაზენის“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაზე საუბრისას „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ კომპანია სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტს ახდენს და აღნიშნა, რომ მათ შორის არის ევროპის ქვეყნებიც, სადაც ქართული ლუდი რეალიზდება.

„საუდის არაბეთში მტკნარი წყალი გადის. ახლა ვამუშავებთ პროექტს გაზირებული სასმელების და უალკოჰოლო ლუდის გაგზავნაზე, რაზეც მოთხოვნა არის;

რუსეთსა და შუა აზიაში ჩვენი წარმოების სრული ასორტიმენტი გადის დაწყებული უალკოჰოლო ლუდიდან, დამთავრებული წყლით; აზერბაიჯანში ლიმონათები და წვენი გაგვაქვს;

ევროპაში გადის ლუდიც და ლიმონათიც. ლუდი ძირითადად პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში გაგვაქვს, გერმანიაში სტაბილურად თვეში ერთი კონტეინერი ლუდი იგზავნება, ასევე ვგზავნით ნორვეგიაში. ლუდის მცირე რაოდენობები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მიდის - ავსტრიაში, სლოვაკეთში და ა.შ., რაშიც ძველი და გამოცდილი პარტნიორები გვეხმარებიან“, - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.