მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომ დავდივართ, ტალახში ვიძირებით“ - სოფელ მოხისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

5f77283cefca6
ინგა მურუსიძე
02.10.20 18:30
1094
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მოხისის მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელი გზის დაგებას ითხოვს. როგორც bm.ge-ს ადგილობრივმა თამარ გოგეშვილმა უთხრა, მუნიციპალიტეტისგან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გზა მოიხრეშებოდა, თუმცა საბოლოოდ დაყარეს თიხა, რომელიც წვიმის დროს ტალახდება და მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„სოფელ მოხისში არ არსებობს გზა; წლებია ამ პრობლემის წინაშე ვართ; რომ დავდივართ, ვიძირებით - პირდაპირი მნიშვნელობით. გვეტყვიან, რომ გზა გაკეთდება, თუმცა დაყრიან თიხას, რომელიც უარესად იგლისება. წვიმის დროს მანქანები ჩვეულებრივად  ტალახში რჩებიან. სოფელში 100 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, ზოგიერთს აგარაკიც აქვს. ვწერთ წერილებს, თუმცა არანაირი რეაგირება არ არის“, - ამბობს სოფლის მცხოვრები.

ლოკალურ პრობლემაზე სოციალურ ქსელ facebook-ში ჯგუფიცაა შექმნილი, რომლის წევრებიც ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები არიან. ისინი ამბობენ, რომ წვიმის დროს გზაზე დაყრილი თიხა იმდენად ტალახდება, რომ არათუ მანქანით გავლააა შეუძლებელი, არამედ - ტალახიდან ავტომობილის ამოყვანაც.

მოხისის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

Bm.ge ადგილობრივების პრობლემასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დაუკაშირდა, მაგრამ - ჯერჯერობით, უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც თეთრიწყაროს გამგეობის წარმომადგენელმა სოფელ მოხისის მცხოვრებლების პრობლემა მოისმინა, ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.