მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე ანტიდემპინგურ კანონზე: ეს ლობისტობის, "ჩალიჩის" კანონი იქნება

5db85e9b2bb7e
დავით ჯალაღონია
29.10.19 21:30
1339
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ანტიდემპინგური კანონის მიღება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს.

როგორც გოცირიძემ ანტიდემპინგურ "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ' კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი სუსტ ადგილობრივ ბიზნესს არ დაიცავს.

"30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და 7 წელია, ეს ხელისუფლებაა, რატომ არ მიიღეთ ეს კანონი მანამდე, შარშან, შარშანწინ? კანონპროექტი მომზადებული იყო და 7 წელია, ეკონომიკის სამინისტროში დევს. რა უშლიდათ ხელს?", – მიმართა კითხვით გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

"სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე იყო მცდელობები, იმართებოდა დისკუსიები, შესაბამისად მაშინ კონსესუსი არ არსებობდა. ჩვენ გადმოვაგზავნეთ (კანონპროექტი) პარლამენტში. პარლამენტმა აიღო დელეგირება, რომ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინა და შემდეგ, ეს პროცესი გაჩერდა. კანონპროექტი 2014 წელს მოვამზადეთ, 2015 წელს გადმოვაგზავნეთ პარლამენტში, რომ თავად გაეკეთებინათ ინიცირება. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი", - უპასუხა მინისტრის მოადგილემ დეპუტატის კითხვას.

ამის შემდეგ კი, გოცირიძემ დღემდე ანტიდემპინგური კანონის არ მიღების მიზეზებზე, საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"ამ კანონის მიღება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს კანონი იქნება ლობისტობის, ჩალიჩის. როცა ლარი ავარდება და ვისაც კი გაუძვირდება ქათამი, იტყვის, თურქული ქათამი დემპინგით შემოდისო.

წავიკითხე, რომ "რუსთავის მეტალურგიული ქარხანა" ამბობს, 30%-ით გაგვიძვირდაო დენი. 30–ით კი არა, 60%–ით გაგიძვირდებოდათ, ქვეყანაში მარეგულირებელი კომისია რომ მუშაობდეს და დენის ტარიფზე რეალური ფასები იყოს, რადგან ენერგეტიკა გაკოტრებულია და მერე იტყვიან, იცით რა, ჩემი პროდუქცია არ იყიდება და ირანული და თურქული დემპინგით შემოდისო.

ეს კანონი მაშინ იმიტომ არ მივიღეთ, რომ არ იყო ინტერესები. ახლა ამ კანონის გარეშეც დემპინგი აკრძალეთ უკანონოდ, ათასი ხრიკებით, ცემენტსა და არმატურაზე... ეს კანონი ძლიერების ხელში ბერკეტი იქნება, სუსტი ბიზნესი ამას ვერასდროს გამოიყენებს. ეს ხუთი–ათი ადამიანის ბიზნესისთვის კონკურენციის შეზღუდვის ფორმა იქნება, ბიზნესს არავითარი სიკეთე წაადგება. ეს არის ცუდი კანონი, ამ ცუდი მმართველობის პირობებში.

როცა რაღაცას ვერ გააკეთებ, იმას არ უნდა შეეჭიდო. ხმაურის კანონი მივიღეთ და მუშაობს? გავაძლიერეთ უსაფრთხოების (ნორმები) და ყოველ წელს გაზი ფეთქდება – ამ ხელისუფლების პირობებში ეს კანონი სარისკოა. ეს კანონი ჩვენც არ მივიღეთ.

"აგარის ქარხანა" იმის გამო გაჩერდა, რომ კონკურენციას ვერ გაუძლო. თქვენ "საქართველოს რკინიგზას" დაავალეთ, რომ ამ ქარხანაში შემოტანილი პროდუქციის გადაზიდვა სხვა ტარიფით იყოს, იმიტომ არის რკინიგზა გაკოტრებული. რატომ ავალებთ რკინიგზას პრეფერენციულად მიიღოს ტვირთების ტარიფი? – ადექით და პირდაპირ დაასუბსიდირეთ, ხმას არ ამოვიღებთ. შეიძლება, თეორიულად რაღაც გავაპროტესტოთ", – განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ეს კანონი ახლა ბიძინა ივანიშვილს უნდა.

ცნობისთვის, "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ერთი თვით გადადო. ამის მიზეზი კი იმ კანონქვემდებარე აქტების ჯერჯერობით უცნობი შინაარსია, რაც კანონის მიღების შემდეგ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

"ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს, რომელზეც წინასწარ თუ არ იქნა წარმოდგენილი, თუ რას გულისხმობს, ასე ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ. კერძოდ, ეს სამი კანონქვემდებარე აქტია: წინასწარი მოკვლევის წესი, რომელიც კანონქვემდებარე აქტია, გადაწყვეტილების მიღების წესი როგორია და წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება", – აღნიშნა რომან კაკულიამ.

ანტიდემპინგური კანონის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე:

როგორც წარმოდგენილ დოკუმენტში წერია, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს, რადგან კონკურენციის სააგენტოში, ანტიდემპინგის დეპარტამენტის სახით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას, სადაც დაახლოებით, 12 ადამიანი დასაქმდება. შესაბამისად, კანონის მიღების შემდეგ, პირველ წელს, გასაწევი ხარჯი 422 000 ლარი იქნება. მომდევნო – 2021-2022 წლებში კი, საშუალო ხარჯი 390 000 ლარი იქნება.

მთავრობას კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის 1 იანვრიდან სურს.