მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ისევ ჩემ დასაცავი რომ გახდება...

5e930094b4f3e
BM.GE
12.04.20 15:30
3062
პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთარ Facebook-ში ეროვნული ბანკის შესახებ აქვეყნებს პოსტს. გოცირიძე წერს, რომ მისი შეფასებით, სებ-მა არ უნდა გადადგას ნაბიჯები "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" მიერ გაკეთებული განცხადების გამო და "საქართველოს ბანკს" მასზე სესხის გაცემის უფლება არ უნდა მიეცეს. ამასთანავე, რომან გოცირიძე წერს, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელება დააგვიანა.

"ეს საცოდავი ეროვნული ბანკი ისევ ჩემი დასაცავი რომ გახდება?! არა და არაა ღირსი.

მიმდინარეობს საჯარო შეტევა ეროვნულ ბანკზე ქვეყანაში ყველაზე დიდი სამედიცინო ჰოლდინგის “საქართველოს სამედიცინო ჯგუფის”( “ევექსი”, “იმედი L”) მხრიდან. ეროვნულ ბანკს აიძულებენ, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველს, დაარღვიოს კანონი და ერთ-ერთ კომერციულ ბანკს მისცეს უფლება გასცეს იმაზე მეტი ოდენობის სესხი, ვიდრე არსებული რეგულაციები ითვალისწინებს. იშველიებს რა კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებას, ამ კომპანიას სურს საკუთარი ფინანსური პრობლემები მოაგვაროს სხვისთვის (მათ შორის მეანაბრეებისათვის) პრობლემის შექმნის გზით.

საბანკო სისტემა თუ ჩამოიშალა, კორონავირუსი მონაგონი იქნება. იყო ამის რისკი და პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლარში განთავსებული დეპოზიტების გატანა დაიწყო ხალხმა. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით (თუმცა დაგვიანებულით) ჩააცხრო ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ
სარისკოა. ხუთშაბათს, ეროვნულმა ბანკმა არნახული ოდენობის რეფინანსირების სესხი გასცა კომერციულ ბანკებზე, 3,3 მილიარდი ლარი, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ორიოდე კვირის წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნაა ლარზე, რაც ასევე შეიძლება ნიშნავდეს ან ლარების გატანის პროცესის გაგრძელებას ან მის კონვერტაციას დოლარებში. ეს უკანასკნელი კი უკვე ფასების ზრდისა და ლარის სტაბილურობის პრობლემას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის მიერ ზემოთმოყვანილი და სხვა ქმედებებით მაქსიმალურად იქნა შერბილებული კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო მოთხოვნები, ეკონომიკაში შექმნილი უკიდურესად კრიტიკული ვითარების გამო. ბეწვის ხიდზე გავდივართ ფაქტობრივად. ასეთ დროს ზეწოლა ეროვნულ ბანკზე (და ეს იქნება მთავრობიდანაც ამ კომპანიის კავშირებიდან გამომდინარე) სარისკო სესხების გაცემის ნებართვის მოთხოვნით, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული რისკის ქვეშ დააყენო ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

ვნახოთ, ეყოფა თუ არა ეროვნულ ბანკს პრინციპულობა,"- წერს რომან გოცირიძე.