მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე ლარის გამყარების მიზეზს რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებაში ხედავს

61fd29f303930
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.22 19:50
3826
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მიზეზს სებ-ის მიერ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებაში ხედავს. გოცირიძე წერს, რომ ამჟამად ამ სესხების მოცულობა საშუალოდ 1.64 მილიარდი ლარია, როდესაც ის 2.6 მილიარდი და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც იყო.

თავად რეფინანსირების სესხების შემცირების მიზეზი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, რადგანაც 2021 წლის დეკემბერში სებ-მა ამ სესხების განაკვეთი 10%-დან 10.5%-მდე გაზარდა. სწორედ ამ მექანიზმით ეროვნული ბანკი ქვეყანაში ინფლაციის დონის შემცირებას ცდილობს.

“ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების( ე.წ. რეფინანსირების სესხები) მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა-2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე. სესხების შემცირების მიზეზებს არ მოვყვები. არაა ეს დამოკიდებული მხოლოდ რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე(10,5 პროცენტი).

ეროვნული ბანკის შეცდომები იყო პირველ რიგში ლარის არასტაბილურობის მიზეზი, როცა ანგარიშს არ უწევდა რეფინანსირების სესხების როლს და ფაქტობრივად, კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ჰაერიდან ქმნიდა ფულს. ზოგიერთ პერიოდში მისი მოცულობა სამ მილიარდ ლარსაც კი აჭარბებდა, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზი ხდებოდა.

ლარის გამყარებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ როგორც გამყარებაში ასევე გაუფასურებაში არის ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი(ბრალი) აქვს,”- წერს რომან გოცირიძე.

დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა, შედეად ოფიციალური კურსი 2.9867 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ზაფხულში იყო.