12.სექტემბერი .2019 17:15

რომან გოცირიძე მთავრობისგან ითხოვს ინფორმაციას, რა სახით იღებენ Wizz Air-ი და Ryanair-ი დაფინანსებას

views 474
უკან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა.

9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გოცირიძე ეკონომიკის მინისტრისგან ითხოვს განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სახით და რა მოცულობით იღებენ ევროპული ავიაკომპანიები - Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს სახელმწიფოსგან დაფინანსებას.

"გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პირობებით აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან Wizz Air და Ryanair.

ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რა ფორმით ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებისთვის კომპანიების სუბსიდირება ან მარკეტინგული მხარდაჭრა, რამდენია დღემდე სუბსიდირებისათვის/მარკეტინგული მხარდაჭერისათვის გაწეული ხარჯები და რამდენი იქნება მოსალოდნელი ხარჯი?

სუბსიდირების გარდა, Wizz Air-სა და Ryanair-თან გაფორემბული ხელშეკრულებები ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სხვა სახის ვალდებულებების შესრულებას?", - ნათქვამია წერილში. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ წერილზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ მოუმზადებია. 

როგორც ცნობილია, სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების პრომოციას ხმარდება.

საქართველოში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაომპანია Wizz Air-ი მეექვსე წელია დაფრინავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვის მდგომარეობით, Wizz Air-ზე საქართველოს ავიაბაზრის 14% მოდის, რა მაჩვენებლითაც ის პირველ ადგილზე იმყოფება. კომპანიამ ჯამში 348,850 მგზავრი გადაიყვანა.

ირლანდიური Ryanair-ი კი საქართველოს მიმართულებით ფრენებს ნოემბერში დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა