მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ანაკლიის პორტზე: არ შევაფასებ, ცხოვრება წინაა და ვნახავთ ვინ იყო მტყუან-მართალი

5da5b15b721ff
ლევან თაღიაშვილი
15.10.19 17:15
938
"ცხოვრება წინაა და გვანახებს როგორი იყო მთავრობის პოზიცია და ვინაა მტყუან-მართალი“ - ასე ეხმაურება ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

დეპუტატი მიმდინარე პროცესების ვრცელი შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

„ანაკლიის პორტის თემაზე მთავრობის გადაწყვეტილებას დაველოდები და შემდგომ გავაკეთებ კომენტარს. არ მინდა წინ გავასწრო მოვლენებს. ჩვენს დამოკიდებულებას რაც შეეხება, უკვე ყველაფერი იყო ნათქვამი პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კაკულიამ.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად რეალურია ვერსია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მთლიანად მთავრობა გადაიბარებს და პროექტის ხელძღვანელი თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება, რომან კაკულიამ არ უპასუხა.

„მე ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. წინ არის ცხოვრება, რომელიც გვანახებს რა იყო მთავრობის პოზიცია და ვინ იყო მტყუანი და მართალი" - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პროცესის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამისათვის საჭიროა, ფართო ანალიზი ინვესტორების მოძიების და მათი დაწუნების კრიტერიუმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული.

კონსორციუმის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიას განუცხადა, რომ დღეს არანაიარი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ.