მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია: ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რას მოიკლებს მთავრობა

5ebe4da995f98
ინგა მურუსიძე
15.05.20 12:24
970
ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რას მოიკლებს მთავრობა თვითონ და რომელ პროგრამებს შეზღუდავს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის გამოეხმაურა თავისი კოლეგის, ოპოზიციონერ ლევან კობერიძის კრიტიკას იმის შესახებ, თუ რატომ არ იყო ჩართული ოპოზიცია კრიზისის მართვის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში.

"მე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და ვიმეორებ, რომ არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება და არსებობს - აღმასრულებელი. საკანონმდებლო მიმართულებით საკითხს ისე მივუდექით, რომ სადაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო, ის საკითხები განვიხილეთ და მივიღეთ. დღეს ვიფიქრეთ, რომ ვითარება გაუმჯობესდა და კიდეც შევიკრიბეთ. ბიუჯეტზე როცა დავიწყეთ საუბარი, ამაზე მსჯელობა იქნება მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტი იქნება, რადგან მხოლოდ დახმარება არ არის ის საკითხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეიძლება განვსაზღვროთ ეს ყველაფერი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავინახოთ, რას მოიკლებს მთავრობა თვითონ, რომელ პროგრამებს შეზღუდავს და ჩათვლის, რომ აღარ არის რელევანტური. მერე ამას ემატება ის თანხა, რაც არის საერთაშორისო დახმარებით წამოსული, ხოლო შემდეგ როგორ გაიყოფა სოციალური დახმარებისა და ეკონომიკის სტიმულრების თემას შორის, ეს არის მთავარი გადასაწყვეტი. თუ სათითაოდ მივადგებით ყველა კომპონენტს და ვიმსჯელებთ, რომ ამისთვის ბევრია თანხა და იმისთვის ცოტა, არ გამოვა. რაც შეეხება გეგმას, არ ვფიქრობ, რომ რაიმე მოსაზრებების გამოთქმა დაგვიანებულია, თუ ვინმეს რაიმე პოზიტიურის თქმა უნდა, ახლაც შესაძლებელია, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი როგორც ჩამოყალიბდება, ის არის გეგმაც და ყველაფერიც. ერთი ეს მომენტი იყო, რომ ამ დრომდე ჩვენ არ ჩავთვალეთ კომიტეტის ფორმატში შეკრება და მსჯელობა, ხოლო მეორე მომენტია იმ ადამიანების მრავალფეროვნება და სპექტრი, ვისაც პროცესში ჩართულობა და მოსაზრების გამოთქმა სურს", - განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, კაკულია არ თვლის, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი კონსტრუქციული დიალოგისთვის არის მომართული, დიდი ენთუზიამზი არ არის მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვის, ვინაიდან თავიდანვე განსაზღვრულია თუ როგორი იქნება პოზიციები.

"შეურაცხყოფის ფორმებიც მინდა წინასწარ წარმოვიდგინო, როგორი იქნება და ნებისმიერი მოცემულობა უარყოფითად შეფასდება - ეს არის ძირითადი ტენდენცია. გამონაკლისი რამდენიმე შემთხვევა, რომელთა შორისაც თქვენც მოიაზრებით, შესაძლოა ყველანაირი საკითხის განხილვა იყოს შესაძლებელი. დასახელდა ეკონომიკის ორი მიმართულება, დასახელდა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება საუბარი, რომელიც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის პროექტს. იქ იქნება ყველაფერი გამოხატული, თუ რა არის სწორი და რა - არა. ვინაიდან დღეს უკვე შევიკრიბეთ, ახლა უკვე რეალურად მეჩვენება კომიტეტის შეკრების მოწყობა და ამ საკითხებზე მსჯელობა", - უპასუხა რომან კაკულიამ ლებან კობერიძეს.