მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია სამედიცინო ჰოლდინგზე: იმედი მაქვს, გამოჩნდება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო

5e41459f15418
ელენე გოგბერაშვილი
10.02.20 16:30
1175
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის. მან ჰოლდინგის ხელმძღვანელის პოსტზე გასულ კვირას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა. ამ ეტაპზე კლინიკების განვითარების გეგმა ცნობილი არ არის. მინისტრმა ჩოგოვაძეს ამისთვის ერთთვიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ: პირველ ეტაპზე სამედიცინო ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.

როგორც ცნობილია, 2015 წლიდან აღნიშნულ კლინიკებს საპარტნიორო ფონდი მართავდა. ჯანდაცვის მინისტრმა ფონდს კლინიკების მართვის ეფექტიანობა დაუწუნა და ისიც თქვა, რომ ამ ამ დრომდე ინვესტორის მოძიებაც ვერ შეძლეს, რის გამოც ჰოლდინგის შექმნა გადაწყდა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია თემის კომენტირებისას იმედს გამოთქვამს, რომ კლინიკების ჰოლდინგში გაერთიანება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მიზეზი, რაც იყო წარმოჩენილი, მე მგონი, არგუმენტი იყო. საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ შეფასდეს, რომ ეფექტური არ იყო ის, რაც აქამდე იყო. სხვა ალტერნატივაც არ ჩანდა და ამ მოტივაციით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. იმედი მაქვს, ეფექტურობა მეტი იქნება და გამოჩნდება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, - აცხადებს bm.ge-ისთან რომან კაკულია.

ცნობისთვის: სამედიცინო ჰოლდინგის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად ჯანდაცვის კომიტეტმა მომავალ კვირაში ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დაიბარა.