17.ოქტომბერი .2019 20:45

რომან კაკულია: „შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავად ამერიკელებთანაც მაქვს შეკითხვები“

views 489
უკან

„შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თავად ამერიკელებთანაც მაქვს შეკითხვები“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენენ.

„შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეც მაქვს შეკითხვები და თავად ამერიკელებთანაც მაქვს შეკითხვები - ბოლოს და ბოლოს შავ ზღვაში ან იყავით ბატონებო ან ნუ იქნებით. იმიტომ, რომ საქართველოს წინაშე ნუ დააყენებთ ისე საკითხს, რომ მერე ჩვენ გაგვიხდეს სამკითხაო როგორ უნდა ვიმოძრაოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე საგარეო პოლიტიკის პრაგმატულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს იქნებოდა რეალობის ამსახველი.

„მე როდესაც 2016 წელს „ქართულ ოცნებას" შევუერთდი ძირითადში მქონდა ორი მთავარი მიზანი და მათ შორის, ერთ-ერთი იყო ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პრაგმატიზმი საგარეო პოლიტიკაში. აქ გადის ჩემი წითელი, მწვანე თუ ნებისმიერი ზღვარი, ამიტომ შევეცდები ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თუ რა არის ჩემი პოზიცია. ბატონო დავით, თქვენ მოსაზრებებს ვისმენდი, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თქვენ მთავარ თემებზე არ საუბრობთ.

როდესაც პოლიტიკის პრაგმატულობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაგალითად, NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა. თუნდაც იმიტომ, რომ მათ არასდროს არ დაუსვამთ მთავარი შეკითხვა თუნდაც ნატოსთან მიმართებაში. რა შეკითხვაა საერთოდ - ემხრობით თუ არა ნატოში გაწევრიანების იდეას? მთავარი შეკითხვა, რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ სვამდა არის - აცნობიერებთ თუ არა თქვენ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხართ თუ არა მზად უპასუხოთ და მიიღოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა