მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ზალკალიანი–ლავროვის შეხვედრაზე: საჭიროა კომპლექსებისაგან გათავისუფლება

5d8e05c72f249
BM.GE
27.09.19 16:50
935
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრის დავით ზალკალიანის რუს კოლეგასთან შეხვედრის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

კაკულიას მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, პირველ რიგში, საჭიროა კომპლექსებისაგან გათავისუფლება.

მისი თქმით, ჩვენს ხელისუფლებას სამწუხაროდ ჩამოუყალიბდა კომპლექსები, რომლის გამოც ხშირ შემთხვევაში არაეფექტური იყო ის ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებმაც ჩვენი მიზნის მიღწევა უნდა უზრუნველყოს.

"ამიტომ ჩვენ უნდა დავკონკრეტდეთ, რა არის ეს მიზანი – ეს არის ევროკაშირში ჩვენი გაწევრიანება უსაფრთხო და პროგნოზირებადი მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნების პარალელურად. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, თუ კომუნიკაციის ფორმატები ჩვენს მტერთან - ყველა ამ ურთიერთობის ეფექტურობა იზომება სწორედ ამ ჩვენი მთავარი მიზნისადმი მათი შესაბამისობის ფორმატში.

და რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩამოყალიბდა ეს კომპლექსები, ამის მიზეზები ძალიან კომლექსურია, თუმცა ძალიან მარტივია ამ კომპლექსების ჩამოყალიბების ერთი აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია - ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, ნამდვილად არსებობს პრორუსული ორიენტაციის ძალები, რომლებიც თავიანთი მოტივების ასახსნელად სწორედ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას და ნატო–ში გაწევრიანების პროცესს ეხება. ამიტომ ნებისმიერი საუბარი ამ საფრთხეებზე იწვევდა ასოცირებულობას ამ ძალებთან.

ამიტომ რეალურად, ევროპული ორიენტაციის ფაქტიურად ქონას ახლდა ეს შეზღუდულობა - არ იყოს ასოცირებული იმ ადამიანებთან, რომლებიც მაღალი ალბათობით, არიან დაკავშირებული რუსულ ნარატივთან და რუსეთზე ორიენტაციასთან", - განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე განმარტა, რომ სწორედ ამიტომ შეიქმნა რეალურად ევროპული ძალის დეფიციტი ამ ქვეყანაში.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რეალურად დავანახოთ საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს რეალურად პროევროპული ძალის არსებობა, რომელიც ყველა ინსტრუმენტს სწორედ ამ მიზნის სამსახურში აყენებს.

ხოლო ის, თუ რა მოტივაცია აქვთ რეალურად არსებულ საფრთხეებზე სალაპარაკოდ და ეს მოტივაციები მართლაც ევროპული ღირებულებებისადმი მიდრეკილებით არის გამოწვეული, თუ რუსული რუბლით არის დაფინანსებული, ამას ცხოვრება ყოველთვის გაარკვევს სამომავლოდ და ძალიან კარგია, რომ არჩევნებთან მივდივართ ახლოს და ამ პროცესისადმი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება უზრუნველყოფს მათი რეალური ღირებულებების დემონსტრირებას. ესეც არის დადებითი ამ პროცესში, რომელსაც არავითარი ზედმეტი პოლიტიზირება ახლა არ სჭირდება. ამ ეტაპზე ის მიმართული იყო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის დასტაბილურებისაკენ და იმედი მაქვს, რომ გაზვიადებული მოლოდინების გარეშე, ამ შედეგებს ნამდვილად მოიტანს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ კომპლექსებისაგან, რომლის ავტორიც არის სწორედ ის მოძრაობა, რომელმაც შექმნა ეს კონფლიქტი", - განაცხადა რომან კაკულიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ეს პროცესი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით და მათთან კონსულტაციის ფონზე მიმდინარეობდეს.