მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ დარგებს აქვს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი - G&T-ის კვლევის წინასწარი შედეგები

5e9eaa5a619e1
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 12:08
2886
გუშინ, 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი, „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების პოტენციალის განსასაზღვრად კვლევას აწარმოებენ.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით“, - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი.

თავის მხრივ, როგორც BM.GE-ისთან საუბრისას „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა, კომპანიამ მოკვლევა 1 კვირის წინ დაიწყო და ამ ეტაპისთვის გარკვეული შედეგები აქვთ; კვლევის პირველი ეტაპის შედეგები კი, საბოლოოდ, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იქნება მზად.

„ჩვენ ვუყურებთ იმპორტის რიცხვებს, მოვახდინეთ იდენტიფიკაცია გარკვეული დარგების, რომლებშიც იმპორტი მოცულობითია და ვუყურებთ პოტენციალს, თუ როგორ შეიძლება ეს იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივი წარმოებით.

კვლევამ უნდა უპასუხოს შემდეგს: რეალურად ჩვენ გვაქვს რამდენიმე დარგი, სადაც არის იმპორტი, ამ პროდუქტებზე ბაზარზე მოთხოვნა არის და არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება. კითხვა დაისვა - რომელი დარგებია, სადაც ხდება დიდი მოცულობით იმპორტის განხორციელება და შეგვიძლია თუ არა ეს იმპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით იმისთვის, რომ ნაკლები დოლარი გავიდეს უცხოეთში. აქედან გამომდინარე, ვუყურებთ იმპორტის სტრუქტურას და ვახდენთ დარგების იდენტიფიცირებას. პირველ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა 2 მიმართულება, ეს არის: სამშენებლო მიმართულება და სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების წარმოება საქართველოში.

შემდეგ თითოეულ სექტორში, დარგს ვშლით კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, კაბელი, არმატურა და ა.შ. და ვუყურებთ, გვაქვს თუ არა პოტენციალი ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით. შემდეგ უკვე საჭირო იქნება დეტალებში ჩასვლა იმისთვის, რომ გავიგოთ ადგილობრივი კომპანიებისგან, რატომ ვერ აწარმოებენ ამა თუ იმ პროდუქტს ანუ ბევრი პირობა იქნება ამისთვის.

კვლევაზე მუშაობა, დაახლოებით, 1 კვირის წინ დავიწყეთ და ჯერ არ დაგვისრულებია. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ კვლევის პირველადი ნაწილი ამ კვირის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს.

ეს იქნება საწყისი ქვაკუთხედი, რაზეც შეგვიძლია დავაშენოთ მთელი გეგმა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით უცხოეთზე და მეორე მხრივ, პოტენციალი შეიძლება იყოს დამატებითი კაპიტალი ინვესტიციების მოზიდვისთვის“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა.

მისივე თქმით, კვლევის დამკვეთი ეკონომიკის სამინისტროა და კვლევითი კომპანია დაკვეთას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უსასყიდლოდ, "პარტნიორულად ახორციელებს".

„როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ გამოვაცხადეთ მზაობა, რომ ჩვენი რესურსით დავხმარებოდით სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, პარტნიორულად ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს და "აწარმოე საქართველოს"“, - აღნიშნა ოთარ შარიქაძემ.