მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ დარგებში კლებამ განაპირობა ივლისში ეკონომიკის 5.5%-იანი ვარდნა? - განმარტება

5f4ccca7784ef
BM.GE
31.08.20 14:08
964
საქსტატმა დღეს 2020 წლის ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5 %-ით შემცირდა. ჯამურად, იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 5.8 % იყო.

დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, ივლისში კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, გარდა სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებისა.

„სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში ზრდა დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდასთან. რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებს, ის ძირითადად დაკავშირებული იყო მინერალური სასუქების, სასმელების, თამბაქოსა და ტანსაცმლის წარმოების მოცულობის ზრდასთან.

სხვა ყველა დარგში დაფიქსირდა კლება - მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა შემცირების ტენდენცია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სამოქალაქო და სპეციალიზებული სამუშაოების განხორციელების მიმართულებით.

შესაბამისად, შემცირებულია სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობა. ასევე, 7 თვის მონაცემებით, დაახლოებით, 17%-ით შემცირდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა და 27%-ით იკლო ნებართვების საერთო ფართობმა, ხოლო ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, დაახლოებით, 35%-ით არის შემცირებული.

ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და შესაბამისი მომსახურების მოცულობის შემცირებასთან.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, შემოსავლების კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით, 95%-ით არის შემცირებული. 2020 წლის ივლისში ვიზიტორების მიერ სულ 46 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 882 ათასს აღემატებოდა. შესაბამისად, შემცირდა ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და დაჯავშნის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მაჩვენებელი.

ასევე, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება, თუმცა კლების მიზეზად, ასევე, სახელდება სპორტის, გართობის, დასვენების და სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების შემოსავლების მოცულობის შემცირება,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.