მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ დარგებში წარმოუდგენია საპარტნიორო ფონდს ინვესტირება რეფორმირების შემდეგ?

5efb51cf6d9a5
თელარა გელანტია
02.07.20 09:45
944
უკვე მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კი, ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. საპარტნიორო ფონდში იმედი აქვთ, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ერთ-ერთ საკვანძო საკითხს რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.ამის შესახებ “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ განაცხადა. გიორგი დანელიას კითხვები რეფორმირების საპარტნიორო ფონდის ახალ მანდატზეც დავუსვით.

- საპარტნიორო ფონდმა რომელ დარგებში შეიძლება ინვესტირება განახორციელოს? ალბათ სასტუმრო ბიზნესში უკვე ნაკლებად...

- ბოლო 2-3 წელია განვაცხადეთ, რომ სასტუმრო ბიზნესში ნაკლებად ჩავერევით, რადგან საკმაოდ მზარდი ბაზარია და იქ სახელმწიფოს როლი უფრო ნაკლები უნდა იყოს, თუმცა რეგიონებში, სადაც მაინც არაა ჯერ ინფრასტრუქტურა განვითარებული, ვამბობდით, რომ დავეხმარებოდით თუ საჭირო გახდებოდა... მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ფონდი ყოველთვის პასიურ რეჟიმშია. ის არ დადის და არ ეძებს ინვესტორებს და კონკურენციაში არ შედის კერძო სექტორთან.

- ისე, უკვე არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც არაერთ დარგს ფარავს, სად ხედავთ "საპარტნიორო ფონდის" როლს?

- ვფიქრობ, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს... ჩვენ კი, უნდა შევავსოთ ის ნიშა, სადაც მათი დაფარვის არეალი არაა. ჩვენი მიზანია, უფრო მსხვილი ზომის პროექტებში შესვლა და ისეთი ინდუსტრიები, სადაც ეს პროგრამები არ მონაწილეობენ.

- დარჩა რამე?

- არის. მაგალითად, ჰაიტექკომპანიები. ინოვაციური პროექტები, როგორიც თავის დროზე იყო "ელბიტი" - ძალიან რთული იყო მათთვის დაფინასების მოპოვება, რომ არა "საპარტნიორო ფონდი" და ახლა უკვე ბანკებისთვისაც ძალიან მიმზიდველი გახდა, როცა დაინახეს, რომ რისკები მცირდება.

- კიდევ რა დარგები? სოფლის მეურნეობაში გარისკავთ?

- სოფლის მეურნეობის სექტორში ფონდი ნაკლებად იქნება ჩართული. ალბათ, არც იქნება სწორი ფონდის პორტფელის დიდი ნაწილი მოდიოდეს სოფლის მეურნეობაზე. შეიძლება ვისაუბროთ გადამამუშავებელ სოფლის მეურნეობაზე, მაგრამ არა პირველადზე, რადგან ბევრი სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს და სუბსიდიებიც ბევრია, თუმცა გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული პროეექტები შეიძლება, იყოს ჩვენს ინტერესში.

- წამგებიან პროექტებში რეფორმირებული ფონდი აღარ შევა?

- არ უნდა შევიდეს. ამას ვგულისხმობ სწორედ მანდატის ჩამოყლიბებაში.