მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუფარავს მთავრობა სავალუტო რყევებით მიღებულ ზარალს?

5e85fafb1d7e9
დავით ჯალაღონია
03.04.20 09:45
851
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამ კურსთა შორის სხვაობის რისკს დავაზღვევთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, მიმდინარე პერიოდში ეროვნული ვალუტის რყევებსა და ამის შედეგად დაზარალებულ სექტორებზე საუბრისას განაცხადა.

სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერს ამ კონკრეტული შეთავაზების დეტალები არ დაუკონკრეტებია. დამატებითი დეტალების გასარკვევად, BM.GE მთავრობის შესაბამის განკარგულებას გაეცანო, სადაც წერია, რომ უკვე მიმდინარე პროექტის შემთხვევაში, თუ სამუშაოების 20%-ზე მეტია დარჩენილი, მაშინ სახელმწიფო შესყიდვებში დაფიქსირებული პროექტის ღირებულება შეიძლება 20%-ით გაიზარდოს, იმ შემთხვევაში კი, თუ შესასრულებელი სამუშაოები 20%-ზე ნაკლბია, მაშინ მთავრობა პროექტის ღირებულების 10%-ით გაზრდის საშუალებას იძლევა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი აღნიშნავს, ამ გაზრდილ ღირებულებას მთავრობა იმ პირობით აანაზღაურებს, თუ კომპანიამ ლარის გაუფასურებით მიღებული ხარჯების შესახებ სამხარაულის ბიუროს ან ტოპ-10 აუდიტორული კომპანიიდან, ერთ-ერთის დასკვნა წარადგინა. თანხას კი, სახელმწიფო სამუშაოების შესრულებიდან, ყველაზე ადრე, 12 თვის თავზე დაფარავს.

"ეს მექანიზმი სახელმწიფო შესყიდვებს შეეხება, გარდა პირდაპირი შესყიდვებისა და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ პირდაპირი შესყიდვებით, კომპანიები ხშირად გაცილებით მეტ რისკს იღებენ სახელმწიფოს წინაშე და მათი საგამონაკლისოდ ჩასმა, ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს სწორი.

ასევე, სხვადასხვა პრობლემებია - ჩვენ გვესმის, რომ დღეს ამ თანხის ანაზღაურება შეიძლება ვერ მოხდეს, იმიტომ რომ გაცილებით ცხელი საბიუჯეტო საკითხები აქვს სახელმწიფოს გადასაწყვეტი, თუმცა 12 და 18-თვიანი პერიოდები, რაც მითითებულია განკარგულებაში, ფაქტიურად კომპანიას აიძულებს, რომ ან სესხი უნდა აიღოს, ან სხვა გზას მიმართოს", - აღნიშნა ანა საბახტარიშვილმა.

ამ საკითხზე BM.GE "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელს პაატა ტრაპაიძესაც ესაუბრა. ის სწორედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული. მისი ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა და მათ კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის მექანიზმი გააცნო.

მისი განმარტებით, მთავრობა, დოლართან მიმართებით, 1 აპრილის კურსზე გააკეთებს სწორებას და თუ მაგალითად, სამშენებლო მასალების შეძენა, ლარის გაუფასურების გამო უფრო ძვირი დაუჯდა ამა თუ იმ სუბიექტს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს, დამატებით საჭირო თანხას მთავრობა დაფარავს. პირველ აპრილის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი, 3 ლარი და 28 თეთრი ღირდა, შესაბამისად, თუ პირობითად, 5 აპრილს, არმატურის შესაძენად გადახდილი დოლარი, 3 ლარსა და 30 თეთრზე იყო ასული, ამ ორთეთრიან სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს, თუმცა ეს ორი თეთრი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 20%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

რა მეთოდოლოგიით მოხდება ხარჯების დადასტურება, ამ თემაზე კერძო სექტორი და BM.GE ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელოდება.