10.მარტი .2020 17:32

რომელ ლაბორატორიებში გაკეთდება კორონავირუსის ტესტი? - გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს მიმართავს

views 959
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტები გაკეთდება.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მეტი ოპერატიულობისთვის და უკეთესი შედეგების მისაღებად, განხორციელდება ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაცია.

„24 საათი მუშაობს ლუგარის ჯგუფები, იქ არის მორიგეობა და არ არის მარტივი ამ საკმაოდ რთული რეაქციის მონიტორინგი სრულად. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდივართ გეგმა ბე-ზე, რაც არის ლაბორატორიების დეცენტრალიზაცია. ჩვენი კვლევები, რაც არის ინფექციის სკრინინგი, განხორციელდება ჩვენს დეპარტამენტებში, რომელიც გვაქვს ქუთაისის და ბათუმის სამმართველოებში. მათ გაიარეს ტრენინგები ლუგარში. ინფექციურ საავადმყოფოში საკმაოდ ძლიერი ლაბორატორია აქვს და მათ აქვთ მოლეკულური კვლევის, ამიტომ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და ტესტების ნაწილი გადაეცემა ინფექციურ საავადმყოფოს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. თუკი რომელიმე შემთხვევაში ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ამ შემთხვევაში ჩაერთვება ლუგარის ლაბორატორიაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კერძო ლაბორატორიებს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არაერთმა კერძო ლაბორატორიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაატაროს სკრინინგი.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთი კონკრეტული ლაბორატორია ახორციელებს კვლევებს, სადაც საკმაოდ მაღალი ფასია დადებული. ჩვენ გავატარეთ გარკვეული შედარებითი ანალიზი, რაც ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით არის. ჩვენ ლუგარში და სხვა ჩვენს ლაბორატორიებში მივყვებით საერთაშორისო გაიდლაინებს.

ის ლაბორატორია, რომელსაც არ ვასახელებ, ტესტირებას ატარებს სისხლიდან აღებული ნიმუშით, ეს შესაძლებელია, თუმცა სისხლში ვირუსი ჩნდება უკვე ე.წ. განვითარებული ინფექციის დროს. ეს მეთოდი მიღებულია, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს. მე არ მაქვს უფლება ჩავერიო კერძო ლაბორატორიების ბიზნეს საქმიანობაში, ყველა ლაბორატორიას, ვინც დაიწყებს ტესტირებას, ეს ძალიან კარგია, რადგან მეტად შეგვეშველებიან, მოვუწოდებ, რომ ეს ანალიზები იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი.

ერთი კვლევა ჯდება 350-დან 400 ლარამდე, მისი თვითღირებულება ხელფასის და ტრანსპორტირების გარეშე. საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა და ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ყველას ვთხოვთ, ტესტირება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ის ექიმმა უნდა დანიშნოს. ვთხოვ ლაბორატორიებს, ვიყოთ სოლიდარულები, გავიაროთ კონსულტაციები ადამიანებთან, ვისაც ამის დიდი გამოცდილება აქვს. მთავარია მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.