მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებში დაისვენებთ მშვიდად, ტურისტების გარეშე?

646c7116b95eb
მარიამ იზორია
24.05.23 10:00
871
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები მოგზაურობის დაგეგმვას იწყებენ. მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ სამოგზაურო მიმართულებებს შორის ევროპაა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ტურისტების ინტერესს არ კარგავს, სწორედ ამიტომ ხალხმრავლობა ხშირად დასვენებისას მთავარ დისკომფორტს წარმოადგენს.

euronews-ი ევროპაში დასვენების მსურველებს ტურისტებით გადაჭედილი ქალაქების ალტერნატივას სთავაზობს და გარკვეულ რეკომენდაციებსაც უზიარებს.

ღამის ცხოვრების, კაფეების, სხვადასხვა ტიპის გართობის მოყვარული დამსვენებლისთვის ამსტერდამი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ქალაქს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვიზიტორი ჰყვას, ხალხმრავლობისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად გამოცემა გვირჩევს ამსტერდამი ლეიდენით შევცვალოთ.

ნიდერლანდებში მდებარე პატარა ქალაქში, ლამაზი მიხვეულ-მოხვეული გზები, ქალაქური სახლები და პაბები დაგხვდებათ. ლეიდენის ხეებით შემოსილი ქუჩები ველოსიპედებით გადაადგილებისთვის საუკეთესო ადგილია. ქალაქი ცნობილია უნივერსიტეტებით, რის გამოც აქაურობა სტუდენტებსაც ერგება. სხვა ყველაფერთან ერთად, ლეიდენიდან მატარებელი საკმაოდ ხშირად ამსტერდამისა და როტერდამის მიმართულებით მოძრაობს, შესაბამისად, თუ მაინც და მაინც დიდი ქალაქების მონახულებაც გადაწყვიტეთ, ლეიდენი არც ამ შემთხვევაში დაგტოვებთ გულდაწყვეტილს.

2022 წელს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ტრენტინო-ალტო-ადიჯეს 34 მილიონი ტურისტი ეწვია. ქალაქი ტურისტულად იმდენად გადაიტვირთა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზოგიერთ ლოკაციაზე გადაადგილებაც შეზღუდა. ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ალტერნატივად შეგიძლიათ წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის იულიუსის ალპები მოინიშნოთ.

სლოვენიაში მდებარე ტურისტულ ადგილს განსაკუთრებული ხედები გამოარჩევს. აქ მდებარეობს ტრიგლავის ეროვნული პარკიც, რომელიც, როგორც ამბობენ დაბანაკებისთვის საუკეთესო ადგილია. თუ ბუნებაში დასვენება არ არის თქვენი სტილი, რეგიონში უამრავი მაღალი კლასის სასტუმროც დაგხვდებათ.

იტალიის ამალფის სანაპირო - იტალიურად კოსტიერა-ამალფიტანა ფირუზისფერი ზღვით და თვალისმომჭრელი ვილებით გამოირჩევა. ამბობენ, რომ ამ ულამაზესს ადგილს ერთი მინუსი აქვს. ამალფის სანაპირო ტერიტორიის ვიწრო გზები ტურისტული ჯგუფებით მუდმივად გადაჭედილია. სწორედ ამიტომ იისფერი სანაპირო - ლე დოლჩე ვიტა ნაკლებად ხალხმრავალია. იისფერ სანაპიროს გამორჩეული საცურაო ადგილებიც ახლავს თან. აქ შეგიძლიათ დაივინგთან ერთად, ტყეში სასეირნო მარშრუტებითაც ისიამოვნოთ.

ღამის ცხოვრებით, არქიტექტურით და გემრიელი კერძებით გამორჩეულ ბარსელონას ყოველწლიურად დაახლოებით 32 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ქალაქში ხალხმრავლობისა და ხმაურის შესამსუბუქებლად ტურისტული ჯგუფების რაოდენობა და გიდების მიერ რუპორის გამოყენება შეიზღუდა. ამ ქაოსმა თქვენც, რომ არ შეგაწუხოთ, euronews-ი ბარსელონას სან სებასტიანით ჩანაცვლებას გირჩევთ.

ესპანეთში მდებარე პატარა ქალაქი ძველი ტრადიციული ბარებით არის ცნობილი. სან სებასტიანში ტურისტებს ადგილობრივ კერძებს სთავაზობენ, მეტიც, აქ მდებარეობს მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებიც. ბასკური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტები კანტაბრიის ზღვაში მოპოვებული ზღვის პროდუქტებია, რაც ტურისტებისთვის ამ ქალაქის მიმზიდველობას ზრდის.

ესპანეთის კუნძულების მოსახლეობას ბრიტანელი ტურისტების შემოდინება განსაკუთრებით აწუხებს. მაგალითად, კუნძული ლანზაროტე “ტურისტებით გაჯერებულ - გადატვირთულ არეალად” გამოცხადდა. მალიორკაში კი ტურისტების რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესება იგეგმება და თუ ეს ასე მოხდა, კუნძული ერთდროულად მხოლოდ 430 000 დამსვენებელს უმასპინძლებს. ესპანეთის კუნძულები ნამდვილად არ არის ერთადერთი ვარიანტი, სადაც გამორჩეული დასვენების დაგეგმვა შეიძლება.

ალბანეთში სანაპირო ზოლი 450 კილომეტრს მოიცავს, რომლის ძირითადი ნაწილი ტურისტულად აუთვისებელია. ალბანეთში ფირუზისფერ წყლებთან, სამი პატარა კუნძულის მონახულებაა შესაძლებელი. სანაპირო ოქროსფერი ქვიშით არის დაფარული. აქვე მდებარეობს დჰერმი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და პოპულარული სანაპირო.

და ბოლოს, ეს რეკომენდაცია ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ. ვენეცია მუდმივად ებრძვის დამსვენებლისგან გამოწვეულ გადატვირთულობას. ქალაქის მიხვეულ-მოხვეული გზები ხშირად ტურისტული ჯგუფებით არის გადაკეტილი. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარების მიზნით სხვადასხვა შეზღუდვას აწესებს ხოლმე, თუმცა ქალაქს მილიონობით ადამიანი მაინც სტუმრობს.

ვენეციის ხალხმრავლობისგან თავის ასარიდებლად შეგიძლიათ იტალიაში მდებარე საპორტო ქალაქს - გენუას ეწვიოთ. პატარა ქალაქი სავსეა მუზეუმებით. ქალაქს არქიტექტურა, ხედები და, როგორც ამბობენ ადგილობრივი მოსახლეობა გამოარჩევს.