მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქართულ პროდუქტს აქვს პოტენციალი იაპონიის ბაზარზე? – ელჩის მოსაზრება

5f267491a4a26
თამთა ჯიჯავაძე
03.08.20 10:10
5932
საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, ქართულ პროდუქციას იაპონურ ბაზარზე მოსახვედრად სჭირდება ძალიან კარგად შედგენილი მარკეტინგული და ბრენდინგ-სტრატეგია. BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, რომ სწორი სტრატეგია გარდაუვალია ქართული ღვინის სამომავლო წარმატებისთვის.

ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება ქართული პროდუქტის ექსპორტის ჭრილში ღვინოზე გაამახვილა.

„ჩემი სურვილია, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ექსპორტი. იაპონია ღვინის მოყვარული დიდი ბაზარია. 50 წლის წინ, როდესაც მე პატარა ვიყავი, ძალიან ცოტა იაპონელი სვამდა ღვინოს. როგორც ვიცი, იაპონიაში წლიურად საშუალოდ 180 მლნ ლიტრი იყიდება. ეს უდიდესი ბაზარია, ამიტომაც მგონია, რომ ქართულ ღვინოს იქ დიდი შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ეს არის მნიშვნელოვანი. როგორ უნდა შეაღწიოს იაპონიაში ქართულმა ღვინომ? თქვენ ახლები ხართ, იაპონიაში ძალიან ცოტამ იცი ქართული ღვინის შესახებ“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

ელჩმა ღვინის გარდა სხვა იმ ქართულ პროდუქტებზე ისაუბრა, რასაც იაპონიის ბაზარზე პოტენციალი აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთია თაფლი.

„თუ აგრო პროდუქტებზე ვისაუბრეთ, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქართული თაფლი, სამწუხაროდ თაფლი საკმაოდ მძიმეა და როდესაც იაპონიაში ჩავდივართ, საჩუქრებად ყველასთვის ვერ მიგვაქვს. თუმცა, საჭიროა შემადგენლობა, რომელსაც ითხოვენ როგორც იაპონურ კომპანიებშიც, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ეს საკვების უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარეობს, რაც უნდა დააკმაყოფილოს საქართველომაც. ვფიქრობ, ამ კუთხით წარმატების მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი ქართულ აგრო პროდუქტებს საკმაოდ კონკურენტუნარიანს გახდის, რათა განვითარებულ ბაზრებზე მოხვდეს და სადაც საკვების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ითხოვენ“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტის მოცულობა 2019 წელს $12,325,500 იყო, ხოლო 2018 წელს დაახლოებით 1 მლნ-ით ნაკლები.