მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ინფლაცია ყველაზე დაბალი?

640488345d3db
ლიკა მეგუთნიშვილი
06.03.23 00:10
765
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი - რთულად მოსაძებნია.

აშშ-ში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრს სახელმწიფოებში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ინფლაციის დონე ისევ დაბალ ნიშნულზეა, სამიზნე 2-3%-იან მაჩვენებელთან ახლოს.

ინფლაციის დაბალი დონე უმეტესწილად ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებში გვხვდება, სადაც უჩვეულოდ დაბალია საერთაშორისო ბაზართან ინტეგრირების მაჩვენებელი, ანუ ეკონომიკა თვითმყოფადია, ამის გამო კი, გარე ფაქტორები ნაკლებად ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე დაბალი ინფლაცია აფრიკაშია, სადაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და დანაშაულის მაღალმა მაჩვენებელმა როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ინფლაციის შემცირება განაპირობა. მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, სამხრეთ სუდანი დღეს ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც დეფლაცია დაფიქსირდა. სამომხმარებლო ფასები ერთწლიან ჭრილში აქ 11.6%-ით შემცირდა.

მეორე რეგიონი, სადაც ყველზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდება - აზიაა. აქ 0.8%-იანი მაჩვენებლით მაკაო ლიდერობს. მეორე პოზიციას კი ჩინეთი იკავებს, სადაც სამომხმარებლო ფასები წლიურ ჭრილში 1.8%-ით არის გაზრდილი და ასევე 1.8%-ს შეადგენს ინფლაციის მაჩვენებელი ჰონგ-კონგშიც. პანდემიის გამო, რეგიონში ხანგრძლივმა ლოკდაუნმა ეკონომიკის ზრდა შეაფერხა და სამომხმარებლო ფასებისა და ინფლაციური წნეხის შემცირება განაპირობა. შეზღუდვების გამო, მხოლოდ გასულ წელს ჩინელმა მომხმარებლებმა 2.2 ტრილიონი დოლარი დაზოგეს საბანკო დეპოზიტებში.

აზიაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ რეგიონმა პანდემიის დროს ნაკლებად განიცადა სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა და ასევე მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით.

მესამე რეგიონი, სადაც ინფლაცია ყველაზე დაბალია, ახლო აღმოსავლეთია. ამ რეგიონში ყველაზე დაბალი, 2.1%-იანი ინფლაცია ნავთობის მწარმოებელ ომანშია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ომანის რიალი შეერთებული შტაბების დოლართან არის მიბმული, რაც ადგილობრივ ვალუტას ამყარებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომანში ინფლაციის მაჩვენებელი, ბოლო ათწლეულია, რაც სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა.

ინფლაციის დაბალი დონით, რეგიონულ რეიტინგში ახლო აღმოსავლეთთან ერთად მეოთხე პოზიციაზე გვხვდება სამხრეთ ამერიკაც. ამ რეგიონში კი, ყველაზე დაბალი, 2.1%-იანი მაჩვენებელი პანამას აქვს. პანამური ბალბოას დოლარიზაციამ ფასებზე ზეწოლას ხელი შეუწყო და ამასთანავე, გასული წლის ივლისში, მოსახლეობის სამკვირიანი პროტესტის შემდეგ, 72 პროდუქტზე ფასი დაარეგულირა.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს, აქ შვეიცარიაა გამორჩეული, რომელსაც ინფლაციის 2.8%-იანი მაჩვენებელი აქვს. შვეიცარია, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით ასევე OECD-ში ლიდერობს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს ყველაფერი ეროვნულ ვალუტას უკავშირდება. შვეიცარიული ფრანკის სიძლიერემ ქვეყანა ინფლაციური ზეწოლისა და იმპორტის მაღალი ფასებისგან დაიცვა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შვეიცარიაში ფასები წლიურად 4.1%-ით გაიზარდა. რის გამოც, გასულ წელს შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა 2007 წლის შემდეგ პირველად საპროცენტო განაკვეთები -0,75%-დან -0,25%-მდე გაზარდა.

Visual Capitalist-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც გვაცნობს. რის მიხედვითაც, წელს მსოფლიოს ქვეყნების 84%-ს უფრო დაბალი ინფლაცია ექნება, ვიდრე გასულ წელს ჰქონდათ. ამავე დროს, გლობალური ინფლაცია 2022 წლის 8.8%-იანი ნიშნულიდან წელს 6.6%-მდე დაიწევს, 2024-ში კი კიდევ უფრო, 4.3%-მდე ჩამოვა. თუმცა, ის პანდემიამდელ, 4.1%-იან მაჩვენებელზე კვლავ მაღალი დარჩება.