მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ საათზე იღვიძებს საქართველოს მოსახლეობა?

5dfb548c9e390
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.19 00:00
5251
რომელ საათზე იღვიძებს ქვეყნის მოსახლეობა - მისი უდიდესი ნაწილი? ამ კითხვაზე პასუხის მიღება სოციოლოგიურ კვლევასთან ერთად, ერთ ცვლადზე დაკვირვებითაც არის შესაძლებელი. ეს ცვლადი ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას წარმოადგენს.

ქვეყნის მოსახლეობის გაღვიძების და დაძინების საათების შესახებ ზუსტ, მეტიც, ფაქტობრივ მონაცემებს ქვეყნის სახელმწიფო ელექტროსისტემა ფლობს.

იქნება ეს დილით შუქის ანთება, ტელევიზორის ჩართვა, ყავის ადუღება, სმარტფონის დატენვა თუ სხვა აქტივობა - ყველაფერი საჭიროებს ელექტროენერგიას.

თუ ელექტროსისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მილიონობით მომხმარებელი საკუთარ სახლში სინათლეს აანთებს, მაშინ ქსელმა დატვირთვას შეიძლება ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოს. ამის გამო, დილის 07:00-დან მოყოლებული ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება ეტაპობრივად იზრდება.

ტემპი ყველაზე მაღალი დილის რვა საათიდან ცხრა საათამდეა, შესაბამისად ამ ერთი საათის განმავლობაში არის თავმოყრილი ყველაზე მეტი ადამიანის გაღვიძება.

09:00-დან 10:00-მდე მონაკვეთში იხსნება ქვეყანაში არსებული სამსახურების მნიშვნელოვანი ნაწილიც, შესაბამისად საყოფაცხოვრებო მოხმარებას ამ პერიოდში დაწესებულებების ელექტრომოხმარებაც ემატება.

პიკურ პერიოდს ელექტრომოხმარება საღამოს 20:00-21:00 საათის მონაკვეთში აღწევს, რასაც “ღამის პიკსაც” უწოდებენ. 21:00-დან 22:00-ის მონაკვეთში მოხმარება ეტაპობრივად მცირდება, 23:00-ისა და 00:00-ის მონაკვეთში კი ელექტრომოხმარება სწრაფად მცირდება.



საიდან მოდის ელექტროენრგია? იმის გამო, რომ დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება ასე დიდი ამპლიტუდებით იცვლება, მისი წარმოებაც ამ ამპლიტუდებს უნდა მიყვებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას ვითარება, როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე ნაკლებია, ელექტროსისტემაში მოულოდნელი დეფიციტი კი ძაბვის ხარისხზე და მთლიანად ქსელზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

შესაბამისად, ელექტროსისტემა ხელმძღვანელობს იმ პროგნოზებით, რომლებიც საათობრივ ჭრილში ელექტრომოხმარების მაჩვენებლებს ასახავს.

დღეს საქართველო ელექტროენერგიაზე მოთხოვნას რამდენიმე ძირითადი წყაროებიდან ივსებს, მათ შორის პირველი ჰიდროენერგეტიკული რესურსებია, მეორე ადგილზე თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მესამეზე კი იმპორტული ელექტროენერგიაა.

ამ სამ ძირითად წყაროს შორის ყველაზე მოქნილი ჰიდროენერგიაა. ამ მოქნილობას განაპირობებს ფაქტი, რომ გენერაციის ზრდა და შემცირება ყველაზე ოპერატიულად ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ, თბოსადგურებს კი გამომუშავების მყისიერი ზრდა/შემცირება არ შეუძლიათ, იგივე შეიძლება ითქვას იმპორტზე.

აღნიშნულ გარემოებას შემდეგი გრაფიკი კარგად ასახავს.



რაც შეეხება საბაზო მოთხოვნას - დღის განმავლობაში საქართველოს ელექტრომოხმარების მინიმალური მაჩვენებელი 1300-1400 მეგავატ საათს შეადგენს. ეს ძირითადად დიდი ინდუსტრიული დაწესებულებების - მეტალურგიული ქარხნების, საწარმოების, ქიმიური მრეწველობის, სამთო მოპოვების, რკინიგზის და სხვა დაწესებულებების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას წარმოადგენს.