01.ოქტომბერი .2022 16:20

რომელ სამინისტროებს ექნებათ ყველაზე დიდი ბიუჯეტი 2023 წელს - პროექტი

რომელ სამინისტროებს ექნებათ ყველაზე დიდი ბიუჯეტი 2023 წელს - პროექტი
views 1280
უკან

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 24.3 მლრდ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. შესაბამისად, სამინისტროების მიხედვით, ბიუჯეტი თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს გაეზარდათ.

ბიუჯეტის პირველადი პროექტით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 21.154 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.983 მლრდ ლარით, ხოლო 2022 წელს დაგეგმილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით 1.475 მლრდ ლარით იზრდება.

რაც შეეხება იმას კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებაში პროგრამების განხორციელებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6.798 მლდრ ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 771.1 მლნ ლარითაა გაზრდილი. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია:

მოსახლეობის სოციალური დაცვა - 4.813 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 792,7 მლნ ლარითაა გაზრდილი. მათ შორის:

- საპენსიო უზრუნველყოფა - 3.379 მლრდ ლარი (გაზრდილია 494,2 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.

აღნიშნული კანონის მიხედვით 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია შეადგენს 12,7%-ს. აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა (260*12,7%=33) გათვალისწინებულია 35 ლარის ოდენობით და 2023 წლის იანვრიდან განისაზღვრება 295 ლარით.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით უნდა გაიზარდოს.
პენსიის ზრდა (300*21,3%=64) გათვალისწინებულია 65 ლარით და მისი მოცულობა 2023 წლის იანვრიდან 365 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია 354 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 438 ლარი იქნება.

პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს).


- მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1.275 მლრდ მლნ ლარი (გაზრდილია 274,0 მლნ ლარით); ზრდა მათ შორის დაკავშირებულია 2022 წლის 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100 ლარიდან 150 ლარამდე ზრდასთან;

- სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 85.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც;

- სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 14,4 მლნ ლარით და 66,0 მლნ ლარს აღემატება;

 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1.499 მლრდ ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მლნ ლარს, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120 მლნ ლარი, მათ შორის 55 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის (ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა);

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;

 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 42.1 მლნ ლარი;

 შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 90.3 მლნ ლარამდე, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 80.0 მლნ ლარი;

 იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 267.7 მლნ ლარი. პროგრამის დაფინანსება 2,6-ჯერ გაიზარდა და აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დაწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.978 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 293.7 მლნ ლარით აღემატება. მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

 სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1.293 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით 136.0 მლნ ლარითაა გაზრდილი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;

 პროფესიული განათლება - 87.4 მლნ ლარი. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;

 უმაღლესი განათლება - 148.5 მლნ ლარი;

 მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 75.8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;

 ინკლუზიური განათლება - 42,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125 ლარით;

 ინფრასტრუქტურის განვითარება - 229 მლნ ლარამდე. მათ შორის:

o ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 179.1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 316.4 მლნ ლარამდე);
o პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
o უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 10.1 მლნ ლარი.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401.2 მლნ ლარით, მათ შორის თანხები ძირითადად შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე მიიმართება:

 სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება - 17.2 მლნ ლარი;
 ინფრასტრუქტურის განვითარება - 44.0 მლნ ლარი;
 სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 12.1 მლნ ლარი;
 კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 99.0 მლნ ლარი;
 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 38.8 მლნ ლარი;
 მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 152,1 მლნ ლარი;
 კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 23.4 მლნ ლარი;
 ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 5.9 მლნ ლარამდე.

გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.976 მლრდ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1.543 მლრდ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1.419 მლნ ლარამდე. ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

 საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1.894 მლრდ ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1.231 მლრდ ლარი;
 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 347.9 მლნ ლარი;
 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 520 მლნ ლარი;
 მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 67 მლნ ლარი;
 ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 137.3 მლნ ლარი;
 სხვა დანარჩენი პროგრამები - 9.7 მლნ ლარი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 688.5 მლნ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

 სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 65.5 მლნ ლარი;
 მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 97.4 მლნ ლარი.
 ერთიანი აგროპროექტი - 320.2 მლნ ლარი. მათ შორის:

o შეღავათიანი აგროკრედიტები - 200 მლნ ლარი;
o აგროდაზღვევა - 12 მლნ ლარი;
o დანერგე მომავალი - 35 მლნ ლარი;
o გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი - 25 მლნ ლარი;
o აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 10 მლნ ლარამდე;

 სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 95 მლნ ლარი;
 გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 25 მლნ ლარი;
 დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 32.5 მლნ ლარამდე;
 სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 13.2 მლნ ლარამდე;
 მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 4.4 მლნ ლარი.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 22%-ით და შეადგენს 81.9 მლნ ლარს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 653.7 მლნ ლარი, მათ შორის:

 მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 83.6 მლნ ლარამდე;
 მეწარმეობის განვითარება - 264.2 მლნ ლარი;
 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 33.0 მლნ ლარი;
 საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 77.3 მლნ ლარამდე;
 ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 102.3 მლნ ლარამდე.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 106 მლნ ლარს;

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 369,4 მლნ ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 183,0 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.260 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257.6 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

 ჯარისკაცების ხელფასების ზრდა 20%-ით, რისი გათვალისწინებითაც სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი ჯამში შეადგენს 605 მლნ ლარს;
 თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯარისკაცებისთვის ბინების მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი;
 თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილია 174.4 მლნ ლარი;

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.070 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება. დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა