21.იანვარი .2021 22:31

რომელ სექტორებში იზრდება სამუშაო ადგილები ყველაზე სწრაფად - LinkedIn-ის კვლევა

რომელ სექტორებში იზრდება სამუშაო ადგილები ყველაზე სწრაფად - LinkedIn-ის კვლევა
views 445
უკან

LinkedIn-ის 2020 წლის მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია ელექტრონული კომერციის, ჯანდაცვის და ციფრული კონტენტის შექმნის სფეროები. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ სფეროებში დასაქმების მზარდი ტენდენცია პანდემიიდან გამომდინარეობს. ყველაზე მზარდი სექტორი კი ჯანდაცვაა - ადმინისტრაციულ პერსონალზე, ექიმებსა და ექთნებზე ვირუსის გამო გაზრდილი მოთხოვნის გამო.

ამასობაში, მაშინ, როცა სახლში დარჩენილი მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ელექტრონულ კომერციას, ამ სექტორში პერსონალის დამატებაც გარდაუვალი გახდა. ამავე მიზეზის გამო იზრდება მოთხოვნა იმ ფრილანსერებზე, რომლებიც ციფრულ კონტენტს ქმნიან.

იმისთვის, რომ 2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები გამოევლინათ, LinkedIn–ის მონაცემების მეცნიერებმა ბრიტანეთში 15,000-ზე მეტი ვაკანსია დაათვალიერეს, რათა დაედგინათ ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ყველაზე მეტი ზრდა ჰქონდათ 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში და ეს მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შეადარეს. ანალიზის საფუძველზე, გთავაზობთ გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო სექტორების სრულ სიას:

ელექტრონული კომერცია;
ჯანდაცვის სფეროს დამხმარე პერსონალი;
ციფრული კონტენტის შემქმნელი ფრილანსერები;
მშენებლობის სექტორი;
შემოქმედებითი სფეროს ფრილანსერები;
ფინანსური სექტორი;
სპეციალიზირებული სამედიცინო პროფესიონალები;
პროფესიონალი მწვრთნელები;
სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები;
მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის წევრები;
განათლების სექტორის სპეციალისტები;
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები;
უძრავი ქონების აგენტები;
სპეციალიზებული ინჟინერები;
ხელოვნური ინტელექტის სფეროს სპეციალისტები.