29.სექტემბერი .2020 12:41

რომელ სექტორებში შემცირდა აგვისტოში ექსპორტი - Galt&Taggart-ის მიმოხილვა

views 252
უკან

Galt&Taggar-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” აგვისტოში რამდენიმე სექტორში ექსპორტში არსებული კლების ტენდენციები მიმოიხილა.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, აგვისტოში ექსპორტის კლების ტემპი მნიშვნელოვნად, 7.5%-ით არის შემცირებული, იმპორტი - 19.3%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი 27.1%-ით შემცირდა.

“ბოლო 5 თვეა ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა და რუსეთი ჩამოიტოვა, ასევე, აზერბაიჯანი, რომლებიც წამყვან ადგილებს ინაწილებდნენ. ჩინეთში ბოლო 8 თვის განმავლობაში ექსპორტი გასამმაგებულია, რაც სპილენძის რეექსპორტის მატებას უკავშირდება.

რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, აგვისტოში ძირითადი საექსპორტო ბაზრებიდან, მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში გვქონდა კლება.

აზერბაიჯანში ექსპორტი აგვისტოში 13%-ით შემცირდა, რაზეც ძირითადი გავლენა ავტომობილების ექსპორტის ვარდნამ მოახდინა, ასევე, სხვა სახის რეექსპორტის საქონელმა, როგორიც არის, სიგარეტები, სამკურნალო საშუალებები.

რაც შეეხება სომხეთს, აქ კლება ბევრად მაღალია. აგვისტოში სომხეთის მიმართულებით ექსპორტი 57%-ით შემცირდა. მთავარი გავლენა ამ კლებაზე მანქანების რეექსპორტის შემცირებას აქვს. ეს მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება და აქ რეგულაციების ის ნაწილი შემოდის, რაც სომხეთში ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით იანვრიდან ამოქმედდა.

მაგალითად: გასულ წელს აგვისტოში სომხეთის მიმართულებით 24 მლნ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, წელს აგვისტოში ეს რიცხვი 430 ათას დოლარამდე დაეცა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტის კლების ნაწილში შესაძლოა ღვინის ექსპორტი გამოვყოთ, რომელიც დაახლოებით, 26%-ით შემცირდა, თუმცა ორი ქვეყნის მიმართულებით, პირიქით გაიზარდა. ღვინის ექსპორტი აგვისტოში მნიშვნელოვნად გაიზარდა - ყაზახეთის (77%-იანი ზრდა) და ბელარუსის (55%-იანი ზრდა) მიმართულებით.

ევა ბოჭორიშვილის განმარტებით, ევროკავშირის მიმართულებით ღვინის ექსპორტი 20%-ით არის შემცირებული, თუმცა ორ ქვეყანაში ლიეტუვასა და ლატვიაში, ექსპორტი გაზრდილია.

რაც შეეხება საბანკო სექტორის მიერ გაცემულ სესხებს და ტურიზმის სფეროს, Galt&Taggar-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ  “ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის აგვისტოში წლიურად 16.7%-ით გაიზარდა და 34.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას უკავშირდება.

"სუბსიდირების პროგრამამ ბინებზე დამატებთი მოთხოვნა გააჩინა. ამასთან, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის აგვისტოში წლიურად 22.2%-ით, 30.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტების (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) რაოდენობა წლიურად 96.0%-ით შემცირდა და 44 ათასი ვიზიტორი შეადგინა. ფაქტი საკმაოდ სამწუხაროა, თუმცა ფრენები უნდა აღდგეს, რომ ეტაპობრივი მატება გვქონდეს", - განმარტა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა