ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა (ევროსტატმა) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რომელ უცხო ენას სწავლობენ ყველაზე ხშირად ევროკავშირის მასშტაბით.
ევროსტატის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეების 59% ევროკავშირის ქვეყნებში ორ ან მეტ უცხო ენას სწავლობენ. კერძოდ, ორ ან მეტ უცხო ენას ყველა მოსწავლე სწავლობს ლუქსემბურგსა და საფრანგეთში. ასევე მოსწავლეების 99% სწავლობს ორ ან მეტ უცხო ენას ესტონეთში, რუმინეთსა და ფინეთში, რომელსაც 98%-ით მოჰყვება სლოვაკეთი, შემდეგ 95%-ით მოდის ხორვატია და 92%-ით სლოვენია.
ევროსტატის ანგარიშის მიხედვით, უცხო ენების შესწავლის თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი ინტერესი საბერძნეთში გამოვლინდა, სადაც მოსწავლეების მხოლოდ 1% სწავლობს ორ ან მეტ უცხო ენას, ასევე უცხო ენების შესწავლის დაბალი ინტერესი შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: პორტუგალია (6%), ირლანდია (12%), იტალია (25%) და ესპანეთი (27%).
ევროსტატი ახალ ანგარიშში წერს, რომ ყველაზე მოთხოვნადი უცხო ენა ევროკავშირის მასშტაბით ინგლისურია, რომელსაც ევროკავშირის მოსწავლეების 96% სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ მეორე ყველაზე მოთხოვნადი ენა ესპანურია (26%), ხოლო მესამეზეა ფრანგული (22%). ასევე მოთხოვნად ენებში მოხვდა გერმანული (20%) და იტალიური (3%). ამასთან რუსული არის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს ის უცხო ენა, რომელიც ყველაზე ხშირად ისწავლება ევროკავშირში, განსაკუთრებით ესტონეთში (68%), ლატვიაში (57%), ლიეტუვასა (30%) და ბულგარეთში (24%).