მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ უწყებას ეზრდება და ვის უმცირდება დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტით

5f75c8c9d12e9
შოთა ტყეშელაშვილი
01.10.20 16:15
3723
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო გახდა - მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი დასახარჯად 2021 წელს გადავა.

2021 წლის ბიუჯეტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

უწყებების მიხედვით გამოყოფილი დაფინანსება და მათი ზრდა/კლება ასეთია:

ჯამურად, ქვეყანაში არსებული სამინისტროების დაფინანსება 12 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 199 მილიონი ლარით ნაკლებია. სხვა სახელმწიფო უწყებების და სსიპ-ების დაფინანსება კი 716 მილიონით არის განსაზღვრული, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 20 მილიონი ლარით მეტია. მომდევნო წელსაც ყველაზე მეტი თანხა სოციალურ მიმართულებაზე დაიხარჯება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4.85 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით თავდაპირველად (პანდემიამდე) სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებთან შედარებით ბიუჯეტი იზრდება 490 მლნ ლარამდე. ამასთან, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადებისას სამინისტროს ბიუჯეტი გადაიხედება და მოხდება ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების ასახვა 2021 წლისათვის.

მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3.58 მილიარდი ლარი, რაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებულ ცვლილებების შეტანამდე არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 454 მლნ ლარით. მათ შორის:

საპენსიო უზრუნველყოფა - 2.6 მილიარდი ლარი (გაზრდილია 370.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 807.6 მლნ ლარი;

ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან).

760 მილიონი ლარით არის განსაზღვრული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.42 მილიარდი ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით. მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1.311.1 მლნ ლარი (გაზრდილია 206.4 მლნ ლარით), გრანტებში გათვალისწინებულია 14.3 მლნ ლარამდე (გაზრდილია 4.6 მლნ ლარით), კრედიტებში გათვალისწინებულია 1 109.9 მლნ ლარი (გაზრდილია 404.0 მლნ ლარით). ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1.65 მილიარდი ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მილიონი ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მილიონი ლარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.38 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით. მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება განისაზღვრა 880.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით.

უმაღლესი განათლების მიმართულების დაფინანსება კი 147 მილიონი ლარი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 415.8 მლნ ლარს, რაც 2020 წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით ნაკლებია. სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 30.5 მლნ ლარი;
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 61.7 მლნ ლარი, მათ შორის რთველის ხელშეწყობისთვის 50,4 მლნ ლარი;
ერთიანი აგროპროექტი - 159.0 მლნ ლარზე მეტი
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 89.0 მლნ ლარი (გაზრდილია 13.3 მლნ ლარით);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 356.5 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 466 მილონი ლარით ნაკლებია. კლება ძირითადად “მეწარმოების განვითარების” მუხლს უკავშირდება, საიდანაც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფინანსდება. 2020 წელს ამ მუხლით გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა 477 მილიონი ლარი იყო, 2021 წელს კი დაფინანსება 72 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 81.0 მლნ ლარს, რაც იმდენივეა, რაც 2020 წელს იყო.

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტია.

სამინისტროს ბიუჯეტის თანახმად, გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,0 მლნ ლარზე მეტი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 161,0 მლნ ლარი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისათვის - 16.5 მლნ ლარის ოდენობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროს მსგავსად უცვლელი რჩება და ის კვლავ 156 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია. აქედან 45 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულების პროგრამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი. უწყების დაფინანსება მომდევნო წელს 30 მილიონი ლარით იზრდება;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137.5 მლნ ლარი. უწყების ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით იზრდება;

საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 41.4 მლნ ლარი. უწყების დაფინანსება უცვლელია.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 60.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტია.

ვალის მომსახურება:

2021 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე 2.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2020 წელთან შედარებით 1.57 მილიარდი ლარით მეტია. ვალის მომსახურების ზრდა, პირველ რიგში, 2021 წლის აპრილში $500 მილიონის მოცულობის ევრობონდების დაფარვას უკავშირდება.

შიდა ვალის მომსახურება კი მომდევნო წელს ბიუჯეტს 600 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც 2020 წელთან შედარებით 152 მილიონი ლარით მეტია.