მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ უწყებებშია შესაძლებელი კადრების ოპტიმიზაცია - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

618a975f8f809
დავით ჯალაღონია
09.11.21 22:00
1743
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, საჯარო სექტორში, ყველა მიმართულებით არსებობს საკადრო ოპტიმიზაციის რესურსი.

იქიდან გამომდინარე, რომ მომავალი წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება, BMG დაინტერესდა, რამდენად ხედავს მთავრობა კადრების შემცირების აუცილებლობას და რესურსს სხვადასხვა მიმართულებით.

“2017 წელს, როდესაც შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი იქნა მიღებული, მაშინ განისაზღვრა ეს 1000 ლარი და ეს იყო შრომის საშუალო ანაზღაურება ქვეყანაში, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა და ისევ 1000 ლარია. დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი 1100 ლარის ფარგლებშია და კერძოში, შარშანდელი მონაცემებით, 1400 ლარამდეა. განსხვავება დაახლოებით 22-23%-ია კერძოსა და საჯაროს შორის. ეს განსხვავება, რომელიც ყოველწლიურად მზარდი იყო, ზუსტად იმ არაეფექტურობის ერთ-ერთ წყაროა, რაც თუ არ გამოსწორდა, შეიძლება მივიღოთ, რომ საჯარო სექტორი ქვეყანაში არაფექტიანი გახდება.

მეორე საკითხია, რამდენად საკმარისია ეს 10%-იანი მატება? - რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და გარკვეული მიმართულებებით არის ოპტიმიზაციის რესურსი. ვინც შეძლებს ოპტიმიზაციის გაკეთებას და რა მოცულობითაც შეძლებს, ამ თანხის მიმართვა ისევ იგივე საჯარო მოხელეების ხელფასებზე იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საჯარო სექტორის ის ნაწილიც დაასახელა, სადაც კადრების შემცირების მეტი რესურსია.

“სავარაუდოდ, მეტნაკლები მოცულობით ყველა მიმართულებით იქნება შესაძლებელი (საკადრო ოპტიმიზაცია), განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაცია. იქ ძალიან დაბალი ხელფასებია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურად დაბალი, ამიტომ მათი მოტივაცია არის, რომ ხელფასები მოწესრიგდეს და ვფიქრობ, გამონახავენ რესურსს, რომ გარკვეული ოპტიმიზაციის ხარჯზე, გარდა იმ საბაზო ზრდისა, რაც არის, კიდევ მოახდინონ ხელფასების ზრდა. ოპტიმიზაცია ერთბაშად, ერთ დღეში ვერ მოხდება და ხვალ ვერავინ იტყვის, რომ 1000, ან 5000 კაცი უნდა გაუშვას. ეს იქნება დროში გაწელილი პროცესი, რაც გამოათავისუფლებს თანხას და ეს თანხა ისევ საჯარო მოხელეების ხელფასებზე მიიმართება”, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

მთავრობა ათიათასობით საჯარო მოხელეს ანაზღაურებას უზრდის - ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება.