მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი დარგები მოიხმარენ საქართველოში ენერგორესურსებს ყველაზე დიდი რაოდენობით

601c397899e32
მადონა გასანოვა
04.02.21 23:30
1730
საქართველოში ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ტრანსპორტის დარგია, რომელზეც მთლიანი მოხმარების 30.9 პროცენტი მოდის, - ამას ადასტურებს 2019 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი. 28.3 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 პროცენტი - მრეწველობის დარგზე, 5.3 პროცენტი - მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.3 პროცენტით შემცირდა და 11 856.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით, - ნათქვამია საქსტატის ენერგორესურსების მოხმარების ყოველწლიურ კვლევაში.

2019 წელს ელექტროენერგიის საერთო მოხმარებამ 12 059.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. რაც 1.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ 2 695.4 მილიონი მ3 შეადგინა (წინა წელთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი), მოთხოვნის ზრდა ძირითადად შეეხო თბოსადგურებს, საყოფაცხოვრებო სექტორს და ცალკეულ დარგებს. წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ 1 942.0 მილიონი მ3 შეადგინა, (წინა წელთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტი). ამასთან, 2018 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (15.5 პროცენტით მეტი).

მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა აგრეთვე შემდეგ დარგებში: ქიმიური მრეწველობა, მშენებლობა, კერძო და სახელმწიფო მომსახურება და სოფლის მეურნეობა. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის, რომ ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის ზრდა, განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 355.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი).

საქართველოში 2019 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურებიდან უდიდესი წილი (76.3 პროცენტი) ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდის. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (18.4 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 36.4 პროცენტი ბუნებრივ გაზზე მოდის. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30.0 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.6 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.3 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5.7 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.