25.სექტემბერი .2020 10:50

საქართველოს ეკონომიკა 2020: შედეგები და პროგნოზები

views 1460
უკან

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, რაც სახელმწიფოს მაღალი კონტრიბუციის მქონე სექტორების გარეშე გაცილებით მეტი, 7.5%-იანი კლებაა. პირველ ნახევარში, ცალკე, საჯარო სექტორების მაღალი წილის მქონე დარგებში (საჯარო მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა) 7.0%-იანი ზრდა იყო. აღნიშნული კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების შედეგია, რომლის დაფინანსების წყარო გაზრდილი საშინაო და საგარეო ვალია. აღნიშნული სექტორების წილი კი, ეკონომიკაში საშუალოდ 17.6%-იან ნიშნულს იკავებს. შესაბამისად, მათი კონტრიბუცია 1.52 პ.პ -ია.

გრაფიკი 1: 2015-20 წლებში რეალური ეკონომიკის სექტორული განაწილება და 2020 წლის I ნახევრის ზრდები (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ეკონომიკის დანარჩენ დარგებში კი, წამყვანი კერძო სექტორია, რომელთა წილი საშუალოდ 82.4%-ს შეადგენს. მათგან დიდი შემცირება იმ ნაწილშია, სადაც ტურიზმს პირდაპირი გავლენა აქვს. ასეთი სექტორები კი სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება, გართობა და დასვენება, ადმინისტრაციული საქმიანობა (ტურ-ოპერატორები) და სატრანსპორტო მომსახურებაა, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 13.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ამ დარგებს კი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 14.0%-იანი წილი უკავია და პანდემიამდე 184.1 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა, რაც წლიდან წლამდე, საშუალოდ 16.7 ათასით იზრდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის პირდაპირი გავლენის მქონე სექტორებში მდგომარეობის გაუარესება წლის მეორე ნახევრიდან უფრო მეტითაა მოსალოდნელი, რადგან საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებული შეზღუდვები დღემდე მოქმედებს და ტურისტული ნაკადების პიკის თვეებში საერთაშორისო ფრენები შეზღუდული იყო.

შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვაჭრობის სექტორია, სადაც პანდემიამდე დასაქმებულთა რაოდენობა 197.0 ათასი პირს აღწევდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, მსგავსად ზემოთ ხსენებული სექტორებისა, მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული სექტორის წილი ეკონომიკის საშუალოდ 13.3%-ია. 2020 წლის პირველ ნახევარში კი სექტორის რეალურმა კლებამ 7.2% შეადგინა. მთლიანი ეკონომიკის 5.6%-იან შემცირებაში კი, ვაჭრობის წვლილი -1.15 პ.პ. -ია, მაშინ, როცა გასული წლის ზრდაში 1.16 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა.

გრაფიკი 2: ეკონომიკური ზრდა და სექტორების კონტრიბუცია (%; პ.პ.)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შემცირებაში ასეთივე მაღალი წვლილი გააჩნია მშენებლობის სექტორს. კერძოდ, ამ უკანასკნელის კონტრიბუცია -1.11 პ.პ.-ია, ხოლო უშუალოდ სექტორის რეალური შემცირება კი - 13.2%. მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგი იყო, რომლის განვითარების ტემპი ბოლო წლებში შენელებულია. 2018 წლის ეკონომიკურ ზრდაში ამ უკანასკნელის წვლილი უარყოფითი იყო, ხოლო გასული წლის ზრდაში კი, მხოლოდ 0.32 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. 2019 წლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 102.0 ათასს პირს აღწევდა. მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამები კი, ამ სექტორის სუბსიდირებასაც მოიცავს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების საშუალებით სექტორში მოთხოვნის სტიმულირებას გულისხმობს. აღნიშნული სუბსიდიის მოცულობა კი, მიმდინარე წლისთვის 20 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის კუთხით სოფლის მეურნეობის სექტორი უნდა გამოიყოს, სადაც რეალურმა ზრდამ 2.9% შეადგინა. თუმცა, სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია მხოლოდ 0.26 პ.პ.-ია, რადგან მთლიან ეკონომიკაში სექტორის წილი 7.9%-ს ფარგლებშია. აღნიშნული სექტორი კი, საბიუჯეტო სუბსიდიის მიღების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული დარგია. კერძოდ, ბოლო წლებში სუბსიდირების მოცულობა წლიდან წლამდე საშუალოდ 100.0 მლნ ლარით იზრდება, რაც 2020 წლისთვის, დაახლოებით, 419.7 მლნ ლარითაა დაგეგმილი. მიუხედავად სექტორის მასშტაბური სუბსიდირებისა, უმეტეს შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდაში ამ უკანასკნელის წვლილი უარყოფითი იყო. შეიძლება ითქვას, რომ წლის მეორე ნახევარში აღნიშნული სექტორის რეალური ზრდა უფრო მაღალი ნიშნულითაა მოსალოდნელი. ასეთი პროგნოზის საშუალებას კი თხილის ექსპორტის ზრდის დინამიკა იძლევა, რომელიც ადრეულ წლებში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რიგებს და საქართველო თხილის გლობალურ ბაზარზე მეორე-მესამე მიმწოდებლის პოზიციას იკავებდა.

განსხვავებით სოფლის მეურნეობისა, ოპტიმისტური მოლოდინები ეკონომიკის სხვა დარგებში ნაკლებადაა. მიზეზი კი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორებია. კერძოდ, გლობალურად ეკონომიკური აქტივობის შემცირება და არსებული განუსაზღვრელობა, რაც საგარეო მოთხოვნის და კაპიტალის ნაკადების შემცირებაში აისახება. საშინაო ფაქტორებიდან კი, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რამდენჯერმე მცდარი დაპირება და მიმდინარე წლისთვის ტურიზმის ფაქტობრივი გაჩერება უნდა გამოიყოს, რადგან ეკონომიკაში ტურიზმის პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენა 26.4%-ს აღწევს და წინა პერიოდის ზრდების მთავარი მამოძრავებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა