30.სექტემბერი .2019 22:00

რომელი გადასახადებიდან ელის მთავრობა 2020 წელს შემოსავლის მატებას

views 380
უკან

ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა გადასახადების მეშვეობით 10,320,000,000 ლარის აკრეფას გეგმავს.

ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების პროგნოზი ასე გამოიყურება:

დღგ - 4,333,500,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 7.3%;
მოგების გადასახადი - 950,000,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 21.6%;
საშემოსავლო გადასახადი - 3,395,000,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 7.2%;
აქციზი - 1,380,000,000 ლარი, კლება წინა წელთან 5.6%;
იმპორტი - 80,000,000 ლარი, კლება წინა წელთან 3.6%;
სხვა გადასახადები - 181,500,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 55%.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოგების გადასახადის პროგნოზის მატება, მათ შორის, BP-ის მიერ ახალი მილსადენის აშენების შედეგად მისაღებ მოგებას უკავშირდება.

"საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 690.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 395,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 295,0 მლნ ლარს;

გაანგარიშებაში გაკეთებულია საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე წლის და 2020 წლისთვის ეკონომიკის ნომინალური ზრდის პროგნოზების შესაბამისად.

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 950.0 მლნ ლარით;

გაანგარიშებაში გათვალისწინებულია რომ მიმდინარე წელს მოგების გადასახადი გადაჭარბებით შესრულდება და გადააჭარბებს 850,0 მლნ ლარს. აღნიშნული მაჩვენებლის და ნომინალური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით არის გაანგარიშებული მოგების გადასახადის 2020 წლის პროგნოზი. ასევე გათვალისწინებულია BP-ის მიერ მოგების გადასახადის სახით გადასახდელი თანხის ზრდა (ახალი ნავთობსადენის აშენებიდან გამომდინარე).

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 350.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 333.5 მლნ ლარს, ხოლო მუნუციპალიტეტების წილი 1 016.5 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2019 წელთან შედარებით იზრდება 69.9 მლნ ლარით);

გაანგარიშებაში გაკეთებულია საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე წლის და 2020 წლისთვის ეკონომიკის ნომინალური ზრდის პროგნოზების შესაბამისად, ასევე გათვალისწინებულია 2019 წელს დღგ-ში ერთჯერადი ოპერაციების შედეგად მიღებული დაახლოებით 100.0 მლნ ლარის ეფექტი.

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 380.0 მლნ ლარის ოდენობით;
გაანგარიშებაში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იცვლება თუთუნის დაბეგვრის განაკვეთები.

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარით;

ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 498.5 მლნ ლარს;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 181.5 მლნ ლარით;

ამასთან, 2020 წელს აქტიურად გაგრძელდება წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია რომ 2020 წელს დაბრუნდება 550,0 მლნ ლარზე მეტი", - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით.