მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები განახორციელებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას? - ტენდერი დასრულდა

64004a2242efd
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.23 12:15
4278
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. თბილისის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიებს შორის ხელშეკრულებები 27 თებერვალს გაფორმდა.

თბილისის მერიამ ტენდერი, პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მეორედ გაზრდილი ბიუჯეტით 18 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 9 თებერვალს დასრულდა.

ჯამურად 30 453 589 ლარად შეფასებული 3 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში ორი გამარჯვებული გამოვლინდა. კერძოდ კი წერეთლის გამზირის გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე და სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე ხელშეკრულება შპს მილენიუმ ბილდერს გრუპთან გაფორმდა. კომპანიამ ტენდერში შეთავაზება პირველი მონაკვეთის შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფასით 11 847 000 ლარით გააკეთა, რაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებით კიდევ ორი კომპანია „დინ გრუპსა“ და „ჯეო გრუპს“ იყვნენ დაინტერესებულები.

რაც შეეხება „მილენიუმ ბილდერს გრუპის“ მიერ სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაკეთებულ შეთავაზებას, ამ შემთხვევაშიც კომპანიამ პრეტენდენტებზე დაბალი ფასი 8 367 000 ლარი წარადგინა.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ლოტზე, რომელიც ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩის მონაკვეთს მოიცავს, კომპანია ერ ტე დემ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც დაიდო. 4 პრეტენდენტს შორის, მათ შორის იყო „მილენიუმ ბილდერს გრუპი“, „ერ ტე დეს“ შეთავაზება 8 200 000 ლარი იყო.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტიდან 2023 წელს 80%-ით, ხოლო 2024 წელს 20%-ით დაფინანსდება.