მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყანა უნდა განსაზღვრავდეს „შუა დერეფანში“ დღის წესრიგს? - ირაკლი ცანკაშვილის მოსაზრება

64414b18c444c
სალომე ხიდურელი
21.04.23 00:30
1331
შუა დერეფანში ახალი ტვირთის მოზიდვის კუთხით ყაზახეთის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ თვის დასაწყისში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და დერეფანში ერთიანი სატარიფო პოლიტიკისა და ერთიანი ხედვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორ შეიძლება შუა დერეფნის ქვეყნებისათვის ერთიანი ტარიფის დაწესება ეფექტური იყოს , BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ Logistics Solution-ის დამფუძნებელმა ირაკლი ცანკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ლოგისტიკის კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორედ მაღალი ტარიფებია.

„ერთიანი ტარიფის მიღება, ალბათ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის ჭრილში, სავაგონო-საკონტეინერო გადაზიდვის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს კონტეინერების მულტიმოდალურად გადაზიდვას, ისიც მხოლოდ ყაზახეთის მიმართულებით. ამ კუთხით, ერთიანი ტარიფების შემუშავება შესაძლებელია. თუმცა ერთიანი ტარიფი ვერ იქნება ყველა ტვირთზე, ეს ალბათ შეუძლებელიც კი არის.

ერთიანი ტარიფების დაწესების უპირობო მონაწილე პორტიც უნდა იყოს - თუ პორტი იქნება ძალიან ძვირი და, ამ დროს, რკინიგზა იქნება იაფი - ეს დიდ შედეგს არ მოგვცემს. პროცესი უნდა იყოს კომპლექსურად ერთიანი. აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციებიც იყოს ერთიანი და შეთანხმებული“, - აღნიშნავს ირაკლი ცანკაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, - როგორ უნდა დარეგულირდეს ტარიფები ისე, რომ კერძო ბიზნესისა და სახელმწიფო ინტერესების თანხვედრა მოხდეს, სტუმარი პასუხობს, რომ კერძო საკუთრებაში არსებული პორტებისათვის თამაშის გარკვეული წესები უნდა არსებობდეს.

„კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში პორტი, რომელიც კერძო მართვაშია, არ უნდა დაზარალდეს, ეს გასაგებია. მაგრამ, ასევე არ უნდა დაზარალდეს დამკვეთი. საბაზრო ეკონომიკის პრინციპით ვცხოვრობთ და კერძო ბიზნესმა თავისი მომსახურების ფასი თვითონ უნდა განსაზღვროს. თუმცა როდესაც ხარ სტრატეგიული ობიექტი და თან, ფაქტობრივად, მონოპოლისტი ხარ ქვეყანაში, ალბათ უნდა არსებობდეს რაღაც შეთანხმება, გარკვეული ზედა ზღვარი.

ის, რომ ჩვენთან იძულებითი ტვირთბრუნვაა ომის შემდგომ, გამოწვეულია იმით, რომ პორტი ცალსახად ძალიან ძვირია. რკინიგზაც არ გვაქვს იაფი. სახმელეთო გადაზიდვას რაც შეეხება, აქ ერთიან ტარიფს ვერავინ დააწესებს, იმიტომ, რომ მეტად კონკურენტუნარიანი ბაზარია და თავის თავს თვითონ არეგულირებს, ადეკვატური ტარიფები აქვს“, - აღნიშნავს Logistics Solution-ის დამფუძნებელი.

ირაკლი ცანკაშვილმა შუა დერეფანში აზერბაიჯანის როლის ზრდასა და ქვეყნის პრეზიდენტის გააქტიურებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, შესაძლოა, ამ ეტაპზე აზერბაიჯანს ლიდერის როლი ეკავოს, თუმცა საქართველომ, როგორც ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანამ, დღის წესრიგის განსაზღვრაში თანაბარი უფლებები უნდა მოიპოვოს.

„თუ საუბარია თანამშრომლობაზე, დერეფანში ყველა მონაწილეს თანაბრად უნდა ეთქმოდეს სიტყვა. აზერბაიჯანი ცდილობს და, ალბათ, უკავია კიდეც ლიდერის როლი კორიდორში და გარკვეულწილად თამაშის წესებსაც ადგენს. მესმის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა ეკონომიკურად, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან შედარებით, მაგრამ ზღვაზე გასასვლელი ჩვენია. ანუ ჩვენც, როგორც მინიმუმ, თუ არა წამყვანი როლი, თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნავს ირაკლი ცანკაშვილი.