მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები არ ხსნიან საზღვრებს ტურისტებისთვის?

626a25609fb48
მარიამ ადამია
29.04.22 00:10
1393
ტურიზმის სფეროს ექსპერტების წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე ზაფხული საკმაოდ დატვირთული და შეიძლება ტურისტულად გადატვირთულიც კი იყოს, რა უპირველესად პანდემიის შესუსტებით და სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნით არის განპირობებული. 

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა ისევ ძალაში ტოვებს კოვიდ-ტესტირებასა და კარანტინს. რამდენიმე პოპულარული ტურისტული მიმართულება კი წელს გახსნას საერთოდ არ აპირებს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები უმეტესად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის; მათ შორისაა იაპონია, რომელიც ჯერ არ აპირებს სავარაუდო თარიღის დასახელებას, თუ როდის გახსნის საერთაშორისო მოგზაურებისთვის კარს. მეტიც, ქვეყანას დაწესებული აქვს ზღვარი და დღის განმავლობაში, 10 ათას ადამიანზე მეტს, ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ასევე ძალაშია შერჩევითი კარანტინი, რომელიც დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, თუ საიდან ჩაფრინდა მგზავრი.

რაც შეეხება ჩინეთს, აქ ჯერ კიდევ პანდემიას ებრძვიან. სანამ მათთვის შეზღუდვები ძალაში რჩება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას ელოდებიან. მიზეზი ისაა, რომ ჩინელ მოგზაურებს საერთაშორისო ტურიზმში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ – ჩინეთის ტურიზმის აკადემიის მონაცემებით, 2019 წელს, ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 155 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის ჩინეთის მოქალაქეებს მკაცრად ეკრძალებათ გამგზავრება, თუკი ამის აუცილებელი საჭიროება არ დგას; უკან დაბრუნებისას კი, მინიმუმ ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ. ჩინეთში მოგზაურობა ტურისტებსაც ეკრძალებათ.

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კარის გასახსნელად მზად არ არის არც მაკაო. ადგილობრივებს კი უცხო ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, სამშობლოში ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ, თუმცა მაისიდან ეტაპობრივად მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ.

ტურისტებისთვის დახურულია ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება აზიაში - ტაივანი, თუმცა ბოლო ორი თვეში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება აქაც დაიწყო: მაგალითად 7 მარტს ქვეყანა ჯერ საქმიანი ვიზიტებისთვის გაიხსნა, 12 აპრილს კი ადგილობრივების ახლობლებსაც მისცეს ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა, რისთვისაც სპეციალური საბუთის წარდგენაა საჭირო.

რაც შეეხება წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულს, აქაც ლიმიტებია დაწესებული და ნაწილი კი გაიხსნა, მაგრამ სამოა, ვანუატუ, მარშალის კუნძულები, ტონგა და სოლომონის კუნძულები ისევ დახურული რჩება მოგზაურებისთვის და გახსნის არც სავარაუდო თარიღია დათქმული. ცნობილია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.