მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან უნდა მოიზიდოს საქართველომ ტურისტები? - ვალერი ჩეხერიას რეკომენდაცია

63c268867de30
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 23:20
3138
Slow group-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიას შეფასებით, თუ 2022 წელს საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი რუსი მოგზაური მიიღო, 2023 წელს ქვეყანამ ტურისტების მოსაზიდად აქცენტი ისეთ დიდ ბაზრებზე უნდა გააკეთოს, როგორიც აშშ, ჩინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნებია. ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა.

დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტურისტების მოზიდვასთან ერთად სტუმრებს შესაბამისი სერვისები და გარემო უნდა დახვდეთ, რათა მათ ზუსტად იცოდნენ რატომ ირჩევენ საქართველოს სამოგზაუროდ.

„ძალიან დიდი რაოდენობის რუსი მოგზაური მივიღეთ, ამიტომ სხვადასხვა ბაზრებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, რათა პოტენციური ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს. მხოლოდ გალფის ქვეყნებზე ან ისრაელის მიმართულებაზე კი არ უნდა ვფოკუსირდეთ, არამედ კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე უნდა გავიდეთ - ამერიკის ბაზარზე, რადგან ამერიკელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს მოგზაურობა და ახალ მიმართულებებს ეძებენ; აზიის ბაზარზე და ამ შემთხვევაში ჩინური ბაზრის ათვისება აქტიურად შეგვიძლია; ასევე ჩვენი მეზობელი თურქეთი, რადგან თურქ მოგზაურთა რაოდენობას ჩვენს ტურიზმში დიდი წილი არ უკავია. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ - რა სჭირდება ამ მოგზაურს, რას ეძებს და რაზე მოდის. აქედან გამომდინარე მათ ჩამოყვანასა აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა ჩეხერიამ.

Slow group-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობა გადაუდებლად უნდა დაიწყოს და მისი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული სააგენტო ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს და ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს. მან პრობლემების გადაჭრის პროცესში კერძო სექტორის აქტიურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების მოგვარება სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურის გამართვა, თბილისში არსებული პრობლემატური ქუჩების მოწყობა, ბოშა ბავშვების საკითხი, რომლების ტურისტებს თავს ესხმიან - ეს დეტალები დღესვე უნდა მოწესრიგდეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად უსმენს ამ სექტორში ჩართულ ბიზნესს. ნამდვილად მჭიდრო კავშირი აქვს, მეც მიმიღია მონაწილეობა. არსებობს საერთო ჩატიც კი, სადაც ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ძალიან სწრაფად მიიღო პასუხი. ეს პრობლემების სწრაფად აღმოფხვრას ეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემები მაინც სახეზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოგვარებაში არა მხოლოდ ტურიზმის სექტორი, არამედ სხვა სექტორებიც უნდა მონაწილეობდნენ“,- თქვა ჩეხერიამ.