09.აპრილი .2020 23:14

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო სმარტფონებს? - რეიტინგი

views 2049
უკან

მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სმარტფონები საქართველოს ტოპ 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის ყოველწლიურად იკავებენ ადგილს. მეტიც, 2019 წელს მობილურების იმპორტზე $211 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც ამავე წელს ხორბლის იმპორტის ღირებულებას ორჯერ, ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულებას კი 2.7-ჯერ აღემატებოდა.

2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში კი სმარტფონების იმპორტის მოცულობა 33%-ით გაიზარდა და მან $33.5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2019 წლის ჯამური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო სმარტფონების უდიდეს ნაწილს, მობილურების საბითუმო რეალიზების ერთ-ერთი გლობალური ცენტრიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ყიდულობს. იმპორტის სტატისტიკაში ასევე წამყვან ადგილზე მოხვდა ჰონგ-კონგი, რომელიც გლობალურად მობილურების წარმოების და მათი საბითუმო რეალიზების ერთ-ერთი ცენტრია.

საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:

1 არაბთა გაერთიანებული საემიროები - 98,6 მილიონი აშშ დოლარი;
2 რუსეთი - 30,5 მილიონი აშშ დოლარი;
3 ჰონგ-კონგი - 24,1 მილიონი აშშ დოლარი;
4 ჩეხეთი - 20,1 მილიონი აშშ დოლარი;
5 ჩინეთი - 10,1 მილიონი აშშ დოლარი;
6 ნიდერლანდები - 7,5 მილიონი აშშ დოლარი;
7 შვედეთი - 2 მილიონი აშშ დოლარი;
8 დიდი ბრიტანეთი - 1,9 მილიონი აშშ დოლარი;
9 აშშ - 1,9 მილიონი აშშ დოლარი;
10 გერმანია - 1,8 მილიონი აშშ დოლარი;
11 შვეიცარია - 1,7 მილიონი აშშ დოლარი;
12 ლიტვა - 1,7 მილიონი აშშ დოლარი;
13 საფრანგეთი - 1,6 მილიონი აშშ დოლარი.

რეიტინგში შედიან ქვეყნები, საიდანაც იმპორტის მოცულობა $1 მილიონს აღემატება. 

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბაზარზე სამხრეთ კორეული და იაპონური ბრენდების სმარტფონებს წამყვანი ადგილები უკავიათ, იმპორტის ოფიციალურ რეიტინგში ეს ქვეყნები არ შედიან, რადგანაც ამ ქვეყნებში წარმოებული ტელეფონები ქვეყანაში სხვა შუამავალი ქვეყნების - რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების თუ სხვების გავლით ხდება. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში იმპორტის რეგისტრაციისას მითითებულია ქვეყანა, რომლიდანაც უშუალოდ ხდება საქონლის შემოტანა და არა ის ქვეყანა, რომელშიც ეს საქონელი არის წარმოებული.