მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი რუსული კომპანიები ფლობენ საქართველოს ენერგეტიკაში აქტივებს - WEG-ის ორი რეკომენდაცია

629a780985a6e
ალა ისპირიანი
06.06.22 09:45
1103
ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია რომელი რუსული კომოანიები ფლობენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კაპიტალს და აქტივებს.

ორგანიზაციის მოკვლევის შედეგად ასეთი სურათი იკვეთება:

რუსული კომპანია „ინტერ რაო" შუალედური კომპანიების საშუალებით ფლობს თბილისის გამანაწილებელი კომპანიის „თელასის“ აქციების 75%-ს, კომპანია „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე ჰესებს – „ხრამჰესი I-ს“ და "ხრამჰესი II-ს".

შილდაჰესს და ლარსიჰესს ფლობს შპს „ენერგია“, რომლის 70% რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. შპს „ენერგია“ ასევე ფლობს სს „დარიალი ენერჯის“ (დარიალიჰესი) 44.27%-ს.

რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანიის (ПАО «ФСК ЕЭС») საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი „საქრუსენერგოს“ 50%-იც. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის, და საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დასაკავშირებლად გამოიყენება.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 4 იანვარს სს „საქრუსენერგოსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ („სსე“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სს „საქრუსენერგო“ ვალდებულია, სსე-ს იჯარით გადააბაროს ელექტროენერგიის გადაცემის ხაზები განუსაზღვრელი ვადით, ასევე, გადამცემი ხაზების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში აქტივების ფლობა ამ სექტორის ფუნქციონირებას საფრთხეს ნაკლებად უქმნის და განმარტებულია, რატომაც:

"ენერგეტიკაში საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ენერგეტიკა რეგულირებადი საქმიანობაა და ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავდება. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით“ განსაზღვრულია ლიცენზირებადი საქმიანობები. ასეთ საქმიანობებს მიეკუთვნება ელექ ტროენერგიის წარმოების ლიცენზია, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია.

ენერგეტიკა, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის სფერო, განსაკუთრებულ რეგულირებაშია მოქცეული. ლიცენზირება გულისხმობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს, კერძოდ, სემეკის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას. ენერგეტიკული ობიექტები საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტებია. ისინი ლიცენზირებად საქმიანობას ახორციელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიის პირობები და მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, სპეციალური მმართველის დანიშვნას.

კანონი ზედმიწევნით განსაზღვრავს, როგორ, რა ვადით და რა მიზნით ინიშნება სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველი. საქართველოს ამ მხრივ აქვს გარკვეული გამოცდილება შპს „ყაზტრანსგაზთან“ მიმართებით, სადაც 2009 წელს სასამართლომ სპეციალური მმართველი დანიშნა (სემეკი, 2009). არსებობს სასამართლო პრაქტიკა შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპე ციალურ მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებითაც.

შესაბამისად, თუ ნებისმიერი ქმედება ან მდგომარეობა აღქმული იქნება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად, რამაც შესაძლოა გამოიწ ვიოს ელექტროენერგიის ან გაზის წარმოების/მიწოდების შეფერხება, ლიცენზიის გამცემი (სემეკი) უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შესაბამის ლიცენზირებად საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. სპეციალური მმართველი სასამართლოს მიერ აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით, უზრუნველყოს ლიცენზიით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება. ამდენად, თუ, მაგალითად, „თელასს“ შეექმნება პრობლემები რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დაიცვას მოქალაქეები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან", - წერია ანგარიშში. 

ამასთან, WEG-ს ამ მიმართულებით ორი რეკომენდაცია აქვს:

1. მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის სექტორში კომპეტენტურმა ორგანოებმა კოორდინირებული თანამშრომლობით სისტემატურად შეაფასონ არსებული და მოსალოდნელი რისკები და მოამზადონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები, სცენარები.

2. მთავრობას ჰქონდეს დასავლურ პარტნიორებთან შეთანხმებული პოზიცია ენერგორესურსების საფასურის რუსულ რუბლში გადახდასთან დაკავშირებით.