მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სამშენებლო კომპანიებისგან შეიძენს მთავრობა 100 მლნ ლარის ბინებს?

5f8015f90fae9
შოთა ტყეშელაშვილი
09.10.20 11:53
1586
საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 100 მილიონი ლარის ბინების შესყიდვას გეგმავს. BMG-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, ბინების შესყიდვის კონკურსში სულ 19 დეველოპერული კომპანია მონაწილეობს. 

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, შესყიდული ბინები შემდგომში დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, იმისთვის, რათა კომპანიას პროგრამაში შეეძლოს მონაწილეობის მიღება, მის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1700 ლარს (დაახლოებით $530 დოლარს) არ უნდა აღემატებოდეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანახმად კონკურსში მონაწილე კომპანიებს მათ განაცხადებში ხარვეზები დაუდგინდათ, რის გამოც დეველოპერებს წარდგენილი დოკუმენტების გასასწორებლად ვადა 16 ოქტომბრამდე მიეცათ.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში სააგენტოში დაინტერესება 19-მა სუბიექტმა წარმოადგინა, რომელთაც 17 სექტემბერს დაუდგინდათ სხვადასხვა სახის ხარვეზები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N386 დადგენილების საფუძველზე კომპანიებს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცათ ვადა 20 სამუშაო დღე. კომპანიების მხრიდან ხარვეზის გამოსწორების ვადა 2020 წლის 16 ოქტომბერს 18 საათზე იწურება.

სრულყოფილი დოკუმენტაციის მქონე საკონკურსო წინადადებების საფუძველზე უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის თაობაზე,"- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობით პასუხში. 

მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც დეველოპერულ კომპანიებს ესაჭიროებათ კონკურსში მონაწილეობისთვის:

საკონკურსო პირობები:

"2.1. საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 100 მილიონ ლარს.
2.2. საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართ(ებ)ი შესაძლებელია მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

2.3. კონკურსის მონაწილის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის შემოთავაზებული ნასყიდობის ფასი (შემდგომში - შეთავაზებული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს:

თბილისი - 1700 (ათას შვიდასი) ლარი;
ბათუმი - 1530 (ათას ხუთას ოცდაათი) ლარი;
ქუთაისი - 1445 (ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარი;
რუსთავი - 1360 (ათას სამას სამოცი) ლარი;
ზუგდიდი - 1326 (ათას სამას ოცდაექვსი) ლარი;
სხვა - 1360 (ათას სამას სამოცი) ლარი.

შენიშვნა: საკონკურსო წინადადებების შესწავლისას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეთავაზებული ფასის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის შედარებადობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

2.4. კონკურსში გამარჯვებულთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება დაიდება საცხოვრებელ ფართზე, რომლის ფართობი არ აღემატება კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ს,"- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.