26.მარტი .2020 17:25

რომელი სასტუმროები დაიქირავა მთავრობამ საკარანტინედ

views 5048
უკან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყანაში კორონავირუსის მონიტორინგისთვის საკარანტინედ სასტუმროების დაქირავება 10.5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით წარმოგიდგენთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებას სასტუმროებთან:

სასტუმრო "ეიფორია" ბათუმი

16 მარტს ტურიზმის ადმინისტრაციასა და სასტუმროს ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 1,408,000 ლარს შეადგენს. მისი მიხედვით, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფი განთავსებისთვის დღეში, ნომერზე 70 ლარს, კვებისთვის 30 ლარს, დეზინფექციისთვის კი, კარანტინის ზონისთვის გამოყოფილი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე დღეში 0.25 ლარს მოიცავს. სასტუმროში კარანტინის ზონას 345 ნომერი დაეთმობა.

სასტუმრო "ივერია ინ", თბილისი

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სასტუმრო "ივერიას ინ"-ს შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა და ის კარანტინის ზონისთვის 197 ნომრის გადაცემას ითვალისწინებს. კონტრაქტის ღირებულება 1,488,640 ლარს შეადგენს. 

"მარინა კოლიზეუმი", ბათუმი

სასტუმროსთან ხელშეკრულება 16 მარტს გაფორმდა და ის 120,050 ლარს შეადგენს. საკარანტინედ გათვალისწინებული ნომრების რაოდენობა 70-ია, ოთახის დღიური ღირებულება 75 ლარი, კვების საფასური 60 ლარი, ხოლო დეზინფექციის ტარიფი კი კვადრატულ მეტრზე დღეში 0.25 ლარი.

"ვილა პალასი", ბაკურიანი

სახელმწიფოს მიერ 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 294,369 ლარს შეადგენს. სასტუმროში საკარანტინე ზონისთვის 61 ნომრის გადაცემა იგეგმება. სახელმწიფოსთვის ოთახის დღიური ღირებულება 60 ლარს, კვების ღირებულება 20 ლარს, დეზინფექციის ტარიფი კი კვადრატულ მეტრზე დღეში 0.25 ლარს შეადგენს.

სასტუმრო "ლოპოტა" ნაფარეული

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კარანტინის სივრცეების უზრუნველსაყოფად შპს "ლოპოტასთან" ხელშეკრულება  25 მარტს გააფორმა და მისი ღირებულება  1,033,470 ლარს შეადგენს. სასტუმროში საკარანტინე ზონას 186 ნომერი გადაეცემა. სახელმწიფოსთვის ნომრის დღიური ფასი 100 ლარს, კვების საფასური 20 ლარს, ხოლო დეზინფექციის ტარიფი კი კვადრატულ მეტრზე დღეში 0.25 ლარს შეადგენს. ამასთან სერვისის მიწოდების ვადებად 2020 წლის 4 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდი არის მითითებული.

სასტუმრო "წყალტუბო პლაზა"

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციას სასტუმროს დაქირავება 610,980 ლარი დაუჯდება.

სასტუმრო "გუდაური ინ"

მთავრობამ სასტუმროსთან ხელშეკრულება 13 მარტს გააფორმა და მისი ღირებულება 700,000 ლარს შეადგენს.  მისი ვადები 2020 წლის 16 მარტიდან 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით არის განსაზღვრული.

ხელშეკრულებების მიხედვით, სასტუმროებმა კარანტინში მყოფი პირები სამჯერადი კვებით უნდა უზრუნველყონ, ამასთან დაიცვან სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, რომლებიც კონტრაქტითვე არის განსაზღვრული. ხელშეკრულებების მთლიან მოცულობებს შორის სხვაობა ძირითადად სხვა და სხვა სასტუმროში არსებული ნომრების განსხვავებულ რაოდენობას და ხელშეკრულებების ვადიანობას უკავშირდება. სასტუმროებში სახელმწიფოს ერთი ნომერის დაქირავება ძირითადად 110-135 ლარი უჯდება. ამასთანავე, სხვა და სხვაა ვადიანობა რომლითაც სახელმწიფო ამ სასტუმროებს ქირაობს. 

ვებგვერდ stopcov.ge-ის მიხედვით, ამ დროისთვის საკარანტინე ზონებში სულ 4346 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა