მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორები ელოდებიან ანტიდემპინგურ კანონს - დოკუმენტი დასამტკიცებლად მზად არის

5efa0e6c5da84
დავით ჯალაღონია
30.06.20 10:40
1132
პარლამენიტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა. შესაბამისად დოკუმენტი უკვე პლენარულ სესიაზე დასამრკიცებლად მზად არის.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტის განხილვაში კერძო სექტორიც იყო ჩართული და სამინისტრომ მათი შენიშვნები გაითვალისწინა.

„კანონპროექტის მიღება პლენარულ სესიაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში მოხდება. კანონპროექტის განხილვის განმავლობაში კერძო სექტორისგან იყო რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გათვალისწინებული.

როგორც იცით, კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსამზადებელი პერიოდია, რომელიც საჭიროა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ნაწილში იქნეს გათვალისწინებული (კანონის აღსრულებისთვის საჭირო ხარჯები), ასევე მომზადდეს და ის კადრები, რომლებიც შემდეგ მოახდენენ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებულ გამოძიებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ ის, რომ ექვსთვიანი ვადაა საჭირო, რათა ადამიანები მომზადდნენ და შემდეგ მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების წარმოება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე გენადი არველაძემ ეკონომიკის ის სფეროები დაასახელა, რომელთა წარმომადგენლები ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარებას წლების განმავლობაში ითხოვენ.

„ჩვენ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიისგან გვქონდა მომართვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა დემპინგს. ამ შემთხვევაში ჩვენ სამართლებრივი ინსტრუმენტი გვექნება, თუმცა მათ მომართვას წინ უნდა უძღოდეს არგუმენტაცია, თუ რატომ ფიქრობენ რომ კონკრეტულ შემთხვევაში არის დემპინგი. მათ სამწლიანი სტატისტიკა უნდა წარმოადგინონ იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ფასთა ცვლილება კონკრეტულ პროდუქტზე.

რაც შეეხება ინდუსტრიებს - იყო მეტალურგიული, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორიდან ხორბლის, ფქვილის, კვერცხის მიმართლებით მომართვიანობა, რომელსაც დროთა განმავლობაში სისტემური ხასიათი მიეცა და იმისთვის, რომ არ დავრტოვოთ მათი მოსაზრება ღია და კითხვის ნიშნის ქვეშ, იქნა მიღებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონმდებლობა, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტიზაც გაიარა და აღიარებულია როგორც მაღალი სტანდარტის კანონი“, - აღნიშნა მან.

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა პრაქტიკაში ქვეყანა მას მომავალი წლის ივნისიდან გამოიყენებს. კანონი კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს.

რას გააკეთებს სააგენტო? - პირველ რიგში, უწყება შეისწავლის ცალკეულ პროდუქტზე, არის თუ არა დემპინგური ფასი, ამ დემპინგურ ზღვარსაც კანონი განსაზღვრავს, რომლის შემდეგ კონკურენციის სააგენტო მთავრობას მიმართავს ან წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთვის.

წინასწარი ტარიფი 6 თვით შეიძლება დაწესდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ მოკვლევის დასრულებამდე ადგილობრივი პროდუქცია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან იჩაგრება. სპეციალური ტარიფი კი უკვე, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდება მისთვის, ვინც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.

"მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება:

საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე შესწავლის ობიექტის თითოეულ ექსპორტიორზე, ან საქონლის მწარმოებელზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს შემოიღებს ინდივიდუალურად არადისკრიმინაციულობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს.

შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ, შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ინტერესები", – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.