მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები? - პროფესიული სასწავლებელი "სპექტრის" შედეგები

61967efaddfb8
მარიამ ვარადაშვილი
18.11.21 22:20
911
კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძე აცხადებს, რომ 2020 წელთან შედარებით სტუდენტების რიცხვი გაიზარდა. მისივე თქმით, ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორისაა გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და შრომის უსაფრთხოება.

“ყველა ამ მიმართულებაზე კონკურსი გვაქვს. ახლაც 260 თავისუფალი ადგილია და ფაქტობრივად თითოეულ მათგანზე დიდი კონკურსია. ამიტომ, მოგვიწევს გასაუბრების გზით შევარჩიოთ სტუდენტები. სამშენებლო ინჟინერიაში მოთხოვნა არ შემცირებულა, რადგან იცით რომ პანდემიის დროს არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და ყველა კომპანია მუშაობს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებებზე დიდი მოთხოვნაა. ზრდასრულებს ძირითადად მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები აინტერესებთ გამომდინარე მათი სოციალური მდგომარეობიდან, ხოლო გრძელვადიან პროგრამებზე უფრო ახალგაზრდები ირიცხებიან”, - ამბობს ტაკიძე.

“სპექტრის” დირექტორი ასევე გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს გრძელვადიან პროგრამაზე 300-ზე მეტი ვაკანტური ადგილი იყო, რომლებიც თითქმის შეივსო. ამასთან, მისი ინფორმაციით, 260 მოკლევადიან პროგრამაზე კონკურსი ახლაც მიმდინარეობს. საუბარია თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამა “ისწავლე და დასაქმდიზე”, სადაც რეგისტრაციის გავლა მსურველებს 15 ნოემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ოთხ პროფესიულ კოლეჯს შორის ერთ-ერთი სპექტრია.

“ეს 260 ვაკანტური ადგილი თბილისის მერიის პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი” ფარგლებშია. გარდა ამისა, ვაპირებთ გამოვაცხადოთ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები. ასევე ჯანდაცვის პროგრამებიც, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლების მიმართულებით გადამზადდებიან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი იქნება მათი რიცხვი, რომლებიც წელს კოლეჯში კიდევ ჩაირიცხებიან,” - ამბობს ტაკიძე.

პროფესიული კოლეჯის დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნესს გაცილებით მეტი კადრი სჭირდება, ვიდრე ისინი ამზადებენ, თუმცა თითოეული ვაკანტური ადგილი, რომელზეც მიღებას წლის დასაწყისში აცხადებენ, მათ მიერ ჩატარებულ მოკვლევას ეფუძნება.

“350 კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა და ყველა პროგრამას, რომელზეც მიღებას ვაცხადებთ, წინასწარ კვლევას ვატარებთ. კითხვარს ბიზნესს ვუგზავნით, თუ ვინ სჭირდება ან მომავალი წლისთვის რამდენი კადრი დასჭირდება. შესაბამისი ანალიზის შედეგად ვაწესებთ გარკვეულ კვოტას თუ რამდენი ადამიანი შეიძლება მივიღოთ, რათა შედეგზე ორიენტირებული სწავლება იყოს. ბუნებრივია, ყველა კომპანიას ვერ მოვიცავთ. წარმოიდგინეთ 350 ბიზნეს-პარტნიორი გვყავს, თითოეულ მათგანთან ვთანამშრომლობთ, როცა სჭირდებათ მომზადება-გადამზადება. ერთი კოლეჯი მაგალითად, სამშენებლო ინჟინერიაში ყველა კომპანიას ვერ გასწვდება, ეს წარმოუდგენელია”,-ამბობს ტაკიძე.