მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები დღეს? - HR.GE-ს რეგიონული მენეჯერი

5f4f359f9756a
ლიკა გურაბანიძე
02.09.20 10:20
2128

“წლევანდელი აგვისტო გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, დაახლოებით, 30%-ით ნაკლები ვაკანსია იყო", - ამის შესახებ HR.GE-ს რეგიონულმა მენეჯერი ინგა შახბაზიანმა განაცხადა. მან “საქმიან დილაში” იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც პანდემიის დროს შრომის ბაზარზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია.

"პანდემიის გამო, მიმდინარე წლის მარტიდან ვაკანსიების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო აპრილი და მაისი ქვეყნისთვის საკმაოდ კატასტროფული იყო. დამსაქმებლები ძირითადად სავაჭრო ობიექტებისთვის კონსულტანტებს ეძებდნენ, ასევე, მოთხოვნა იყო კურიერებზე. დღეს, ის პოზიციები, რაც პანდემიის პერიოდში იყო, კვლავ აქტიურია, ასევე გამოჩნდა ისეთი პოზიციები, რომელიც ადრე არ იყო, მაგალითად, ქოლცენტრის ოპერატორი, რომელიც დღეს მოთხოვნადია. ვაკანსიების 20%-30% არის ქოლცენტრის და კურიერების მომსახურება - ამაზე მოთხოვნა გაზრდილია", - აღნიშნა შახბაზიანმა.

HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის განცხადებითვე, ვაკანსიების მატება ეტაპობრივად, ივნისიდან დაიწყო, თუმცა მატება არ იყო იმხელა, რაც გასული წლის თებერვლამდე იყო. პანდემიამდე კომპანიებს ვაკანსიები მაღალ პოზიციებზეც ჰქონდათ, მაგრამ ეს ტრენდი ახლა აღარ შეინიშნება.

"სექტემბერი ახლა დაიწყო, თუმცა აქტიურობა უკვე შეინიშნება და იმედი მაქვს, თუ წინა წლის ნიშნულს ვერ დავუბრუნდებით, ზრდა მაინც გვექნება. ჯამურად, რეგიონების მიხედვით მოთხოვნა 20%-ია, ხოლო დანარჩენი კი თბილისზე მოდის. პანდემიამდე ვაკანსიები HR.GE-ზე მაღალ პოზიციებზეც იდო, თუმცა ახლა აღარ არის, რადგან კომპანიების მხრიდან შემცირებები ძირითადად მაღალ პოზიციებს შეეხო. ამჟამად ძირითადი ვაკანსიები დამწყებ და საშუალო პოზიციებზეა,” - განმარტა ინგა შახბაზიანმა.

მისივე თქმით, ივნისიდან შედარებით გააქტიურდა ჰორეკა სექტორი, თუმცა ის პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა და მისი მხოლოდ 10% აღდგა. "ზაფხულში მოთხოვნა ზღვისპირა ქალაქების მიმართულებით იყო, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით", - აღნიშნა მან.